logo
ENG



ქუჩებში მასობრივ ძალადობაზე პასუხისმგებლობას კობახიძე მსხვერპლს და ოპოზიციას აკისრებს

05 ივლ 202115:53
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის ქუჩებში მასობრივ ძალადობას ეხმაურება და ამაზე პასუხისმგებლობას დაზარალებულებს აკისრებს. 

როგორც კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისი პრაიდის რეალური მიზანი არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებია.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე თბილისის ქუჩებში მომხდარი ძალადობის შეფასებისას, სადაც ათობით ჟურნალისტი დაშავდა, ხელს ისევ ნაციონალური მოძრაობისკენ იშვერს და ამბობს, რომ ხელისუფლება პრაიდის ორგანიზატორებს შესაძლო ძალადობის შესახებ აფრთხილებდა. 

"გვესმის რომ ვითარების მართვა რთულია, მათ შორის აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო, თუმცა მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს გააკეთონ მაქსიმუმი ძალადობის აღსაკვეთად და ვითარების დეესკალაციისთვის. ვაფრთხილებდით პრაიდის ორგანიზატორებს, რომ მათ აქციას შეიძლება გამოეწვია მოწინააღმდეგეთა აგრესია...ფაქტია, რომ პრაიდის რეალური მიზანი იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან იდგა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. მინდა შევახსენო ყველას, რომ ის რაც დღეს ხდება თბილისში არის მხოლოდ და მხოლოდ პრაიდის უკან მდგომი რადიკალური ოპოზიციის - ნაციონალური და მისი პარტნიორი პარტიების ინტერესებში. საზოგადოების დაპირისპირება, ვითარების დაძაბვა, ანტიდასავლური გრძნობების გაღვივება - არის ის, რასაც ეს პოლიტიკური ძალები ესწრაფოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. ვხედავთ რომ ამის მისაღწევად ყველაფერზე არიან წამსვლელი. მოვუწოდებთ ყველას, არ მისცეთ ანტისახელმწიფოებრივ ძალებს სიტუაციის მათი სცენარის მიხედვით განვითარების საშუალება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძე ფიქრობს, რომ შსს-სთვის რეაგირება იყო რთული, რადგან აქციის მონაწილეების რაოდენობა იყო დიდი. 

"მმართველი პარტიის ვალდებულებაა, ყველა გააფრთხილოს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მის მიერ დაგეგმილ კონკრეტულ ნაბიჯებს. გაფრთხილება გავაკეთეთ, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ არ მოგვისმინეს. აქციის მონაწილეთა რაოდენობა იყო დიდი, გაჭირდა ყველა ძალადობრივ ქმედებაზე რეაგირება. რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ 10 ათასი კაცი თუ რამდენიც იყო, რომ ემართა? როცა 1000 კაცამდე უტევდა პარლამენტის შენობას იქაც კი რთული იყო. რეაგირება არის რთული და შსს-ს ობიექტური სირთული ჰქონდა", - თქვა კობახიძემ. 

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. 

პრაიდის კონტრაქციაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.


close დახურვა