ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 139-მდე გაიზარდა, ხოლო ისრაელში საპასუხო იერიშების დროს მსხვერპლის რაოდენობა 9-მდეა გაზრდილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, პალესტინაში ბოლო 24 საათში სულ 13 ადამიანი დაიღუპა, საიდანაც 10 ადამიანი ერთი ოჯახის წევრია.
ისრაელში კი ბოლო მსხვერპლი 50 წლის კაცია, რომელიც ღაზადან თელ-ავივის გარეუბან რამათ-განზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით ღაზას სექტორიდან მათი მიმართულებით ღამის განმავლობაში სულ 200 რაკეტა გაუშვეს.
წინა დღეების ქრონიკა
ისრაელის სახმელეთო ჯარებმა 14 მაისის დილას ღაზის სექტორზე იერიში მიიტანეს, ცხელი კონფლიქტის გაღვივებიდან მეხუთე დღეს, განგრძობითი ორმხრივი სარაკეტო თავდასხმისა და ათობით სამოქალაქო პირის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზის სექტორის საზღვართან განათავსა და მეტოქეებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.
ისრაელის სამხედრო ძალების სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა გუშინ ღამით განაცხადა, რომ "სახმელეთო დანაყოფები ღაზის სექტორს უტევდნენ", თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ ისრაელის სამხედროებს ღაზის ტერიტორიაზე არ შეუღწევიათ, თუმცა მეტოქეებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.
კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავებამ ისრაელის სახელმწიფოს წინაშე მდგარი უპრეცენდენტო ვითარება ცხადად წარმოაჩინა - პალესტინელი სამხედროების წინააღმდეგ სამხრეთის საზღვარზე ჯარების განლაგების პარალელურად, ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშიში სამოქალაქო არეულობის წინაშე დგას.
კონფლიქტის დაწყების დღიდან ისრაელი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებში არაბი და ებრაელი დემონსტრანტების ძალადობრივი შეტაკებების მომსწრეა, ხელისუფლებამ სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით ცენტრალურ ქალაქ ლოდში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის 30% ეთნიკურად არაბია, სასაზღვრო პოლიციის მრავალრიცხოვანი ბატალიონები გაგზავნა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა სამოქალაქო ომის საფრთხეებზე საუბრობენ.
მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირება კი უპრეცენდენტო მასშტაბებს იღებს, ომის დაწყებიდან სამ დღეში ისლამისტურმა დაჯგუფებამ ჰამასმა და მისმა მოკავშირეებმა ცენტრალური ისრაელის, მათ შორის, თელ-ავივის მიმართულებით 1 800 სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
თავის მხრივ, ისრაელმა სარაკეტო თავდასხმების კამპანია 13 მაისს გააძლიერა, თავდაცვის ძალებმა დაბომბეს არაერთი კორპუსი, შენობა, თუ საცხოვრებელი სახლი - პალესტინელი ჩინოვნიკების ცნობით, ინტენსიურმა სამხედრო კამპანიამ 103 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის, 27 ბავშვის.
ისრაელში ჰამასის თავდასხმების შედეგად 6 სამოქალაქო პირი და ერთი სამხედრო დაიღუპა.
კონფლიქტის მასშტაბმა კვლავ დაადასტურა პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვის აუცილებლობა - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი ჰამასის სარაკეტო თავდასხმებისგან, თუმცა კვლავ გაიმეორა ბაიდენის ადმინისტრაციის მოწოდება სიტუაციის დეესკალაციისა და ვითარების განმუხტვის აუცილებლობის შესახებ.
12 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების მდივნის მხარდამხარ საუბრის დროს განაცხადა, რომ ვითარება ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის მოწვევას მოითხოვა - თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი რუსეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელს "მკაცრი გაკვეთილი" უნდა ასწავლოს.
ეჭვები გაჩნდა სამხედრო კონფლიქტში ირანის აქტიური ჩართულობის შესახებ, 13 მაისს, ალჯაზირას ცნობით, ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს.
თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ სარაკეტო თავდასხმის უკან ლიბანში მოქმედი დაჯგუფება - ჰეზბოლა იდგა, რომელსაც ირანის ხელისუფლება აფინანსებს.
მოგვიანებით, ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტა პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.
ეგვიპტელი მედიატორები, რომლებსაც 2014 წლის სამხედრო კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით, ხელახლა გაცოცხლებული საომარი მდგომარეობის დეესკალაციის მიზნით, ისრაელს 13 მაისს ეწვივნენ.
თუმცა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ისრაელის მთავარ გამოწვევად შიდა არეულობა რჩება, ეთნიკურად ჭრელ რამდენიმე ქალაქში დაპირისპირებულმა მხარეებმა მანქანები გადაწვეს, შენობებს ქვები დაუშინეს, არაბმა დემონსტრანტებმა კი იერიში ადგილობრივ სინაგოგებზე მიიტანეს.
ადგილობრივი მედიის და ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობებით, სამართლებრივი წესრიგი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას - ვითარების განსაკუთრებით გამწვავების შემდეგ, ხელისუფლებამ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კომენდანტის საათი დააწესა, თუმცა უშედეგოდ.
13 მაისს ქალაქის ცენტრში დემონსტრანტებმა სინაგოგისკენ მიმავალი ეთნიკურად ებრაელი მოქალაქე დაჭრეს, დაზარალებული სიკვდილს გადაურჩა.
ვითარების განმუხტვის მიზნით, ლოდს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ეწვია.
"ამჟამად არაფერი უქმნის ქვეყანას იმხელა საფრთხეს, რამხელასაც შიდა არეულობა ქმნის", - განაცხადა ნეთანიაჰუმ და მოსახლეობას პროცესში სამხედრო დანაყოფების ჩართვას დაჰპირდა, - "ვერაფერი გაამართლებს არაბების მიერ ებრაელების, ხოლო ებრაელების მიერ არაბების ლინჩის წესით გასამართლებას".
სამხედრო შეტაკებების განახლებას კი პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის 10 მაისის ღამეს მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენს.
ჰამასმა ისრაელს სამართალდამცველების ადგილიდან გაყვანის ულტიმატუმი წაუყენა, სამხედრო კონფლიქტი კი ისრაელის მხრიდან ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ განახლდა.