logo
ENG



ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების 30-ზე მეტი სატვირთო შევიდა

30 ოქტ 202308:00
3 წუთის საკითხავი
 
Reuters

ღაზის სექტორმა მორიგი ჰუმანიტარული დახმარება მიიღო - გაეროს ცნობით, დღეს ღაზაში 30-ზე მეტი სატვირთო შევიდა, რაც დახმარების მიღების დაწყების დღიდან ყველაზე დიდი რაოდენობაა.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისმა განაცხადა, რომ 33-მა სატვირთომ რაფაჰის გამშვები პუნქტიდან ღაზის ტერიტორიაზე წყალი, საკვები და მედიკამენტები შეიტანა - 21 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში, ჯამში, 117 ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო გადავიდა.

ღაზის სექტორში მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარება პირველად 21 ოქტომბერს მიიღო - პირველად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 20 სატვირთო მანქანა შევიდა. 23 ოქტომბერს კი რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი კიდევ 14-მა სატვირთო მანქანამ გადაკვეთა. ღაზის სექტორის მოსახლეობას საკვები და მედიკამენტები ეგვიპტესთან სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შემდეგ მიეწოდება.

ისრაელის პრემიერმინისტრმა პირობა დადო, რომ ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება ღაზაში უწყვეტი იქნება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.

***

21 ოქტომბერს რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.

ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტი, რის შემდეგაც ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიდნენ ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ ეს ისრაელის ტერიტორიიდან მანამ არ განხორციელდება, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.

ისრაელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჯო ბაიდენი ეგვიპტის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა.


close დახურვა