logo
ENG



ღარიბაშვილი: მექნება კონსულტაციები პოლიტსაბჭოსთან და შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით

01 მარ 202122:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/01/syfeamqooyqflb8.jpg
ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ის გაგრძელდება. ღარიბაშვილის თქმით, შარლ მიშელის მოწოდება იყო, რომ პოლიტიკურმა ძალებმა გამონახონ საერთო ენა და იდეა, რომელიც ქართველ ერს გააერთიანებს.

პრემიერის განცხადებით, ის კონსულტაციას გაივლის ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსთან და ამის შემდეგ აცნობებს მმართველი გუნდი საზოგადოებას საკუთარ პოზიციას.

"დღეს გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც იმ განსხვავებებზე ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან. გარკვეულ საკითხებზე პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომელზეც არგუმენტირებული პოზიცია გვაქვს. ასევე მოვისმინეთ თითოეული მონაწილისგან დასმული შეკითხვები და გავეცი პასუხი. შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან და შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის რჩევა და მოწოდება იყო, რომ ყველამ ერთად რაც შეიძლება მოკლე დროში გამოვნახოთ საერთო ენა. უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა და საერთო იდეა, რომელიც ჩვენს ერს გააერთიანებს. საერთო ეროვნული თანხმობა სჭირდება ჩვენს ერს რეალურ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც შეიძლება, გვქონდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს ახლა ყველაზე მეტად აწუხებს ეკონომიკური სიდუხჭირე, ოკუპაცია, პანდემია და ამ საკითხებზეა საჭირო გაერთიანება.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

"თავის მხრივ, ჩვენ ვადასტურებთ სრულ მზაობას დიალოგისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შარლ მიშელმა კონკრეტული ჩარჩო მოიტანა, რომელშიც კონკრეტული საკითხებია გაწერილი. ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, წარმოდგენილი საკითხები გადაწყვეტა შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოხდეს.

გირჩი მეტი თავისუფლების დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ კი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე განიხილება 6 საკითხი და მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხებიც.

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით, მიმდინარეობდა შეხვედრა.


close დახურვა