თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას აფასებს. როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან ეს რეინკარნაციის მორიგი მცდელობაა და მას რამდენიმე თვეში ისევ გამოძევებულს ვიხილავთ.
„ძალიან მოკლედ გეტყვით, ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო კადრები ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც დათმო მოქალაქეობა, რომელიც მორიგი სამარცხვინო ფაქტი იყო არამარტო ევროპის ისტორიაში, არამედ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი: ადამიანმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო, მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა შემდეგ გუბერნატორი და ვნახეთ შემდეგ როგორ სამარცხვიოდ გააძევეს ის უკრაინიდან, თმების თრევით, რომ იტყვიან. მე ვფიქრობ, ეს არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს, თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ის შეცდომად შეაფასა.