logo
ENG



ღარიბაშვილი: ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო უშინაარსო მოლაპარაკებებზე დასახარჯად

01 აპრ 202111:18
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო უშინაარსო მოლაპარაკებებზე დასახარჯად
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართული ოცნება აღარ აპირებს დრო დახარჯოს ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებზე.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, ოპოზიცია მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულებით არ იყო დაინტერესებული და, შესაბამისად, მმართველი გუნდი აღარ აპირებს "არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებში“ მონაწილეობას.

"კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც არ ყოფილა, ეს ბუნებრივია, ვინაიდან მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს. შესაბამისად ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. მთელი ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით რადიკალური ოპოზიცია არ ცდილობს, გამოვიდეს ჩიხიდან, რომელშიც ნებაყოფლობით, გაუგებარი გათვლებით შევიდა. მათ არ ეყოთ გამბედაობა და გონიერება, უარი ეთქვათ დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე.

ახლა, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ აქტივობის განხილვაზე და ვორიენტირდეთ რეალურ პრობლემებზე. ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად. ჩვენ გვქონდა კომპრომისული პოზიციები. ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა და მოლაპარაკებების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული. ამას ადასტურებენ ოპოზიციის ზომიერი წარმომადგენლები. ეს ხელოვნურად შემქნილი კრიზისი მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დანიელსონის მედიაციის მიუხედავად, მისი მეორე ვიზიტის დასასრულს გამართულ შეხვედრაზე პარტიები კვლავ ვერ შეთანხმდნენ.

7-საათიანი უწყვეტი მოლაპარაკებების ბოლოს კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ მხარეებმა გადაწყვეტილება არ მიიღეს და დოკუმენტზე შეთანხმება არ შედგა. მანვე აღნიშნა, რომ იყო ელემენტები, რომელზეც მიაღწიეს თანხმობას - ეს ეხება საარჩევნო, მართლმსაჯულებისა და ძალაუფლების გადანაწილების რეფორმა, რაზეც მუშაობა გაგრძელდება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების ორი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.


close დახურვა