logo
ENG



ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით ენმ-მ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

11 სექ 202310:18
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალურმა მოძრაობამ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ამის შესახებ პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყების მოლოდინი არ აქვთ.

"ღარიბაშვილი არათუ თანამდებობა უნდა ტოვებდეს, არამედ, უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე და პასუხობდეს კითხვებს - კითხვებს, რომელიც აქვს მედიას, საზოგადოებას და რომელიც უნდა ჰქონდეს ნორმალურ, შემდგარ სახელმწიფოში საგამოძიებო სტრუქტურებს. ჩვენ არავითარი მოლოდინი არ გვაქვს, რომ პროკურატურა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ერთ-ერთი განშტოება და რომელიც, ძირითად შემთხვევაში, გამოყენებულია ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად, დაიწყებს გამოძიებას ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციული საქმიანობის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ ვალდებულად მიგვაჩნია, იმ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას მივცეთ სამართლებრივი მსვლელობა, შევიტანოთ ოფიციალური განცხადება საქართველოს პროკურატურაში და მოვითხოვოთ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმის დაწყება", - განაცხადა მან.

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.

9 სექტემბერს TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა - მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.


close დახურვა