logo
ENG



ყველაფერი შესაძლებელია - პრემიერი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე

09 აპრ 202013:18
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ დინამიკაზეა დამოკიდებული.

„ყველაფერი შესაძლებელია, ეს იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ადამიანების ჯანმრთელობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 214 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4722 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 408 ადამიანი. 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, 3 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც.

ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა