ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების პირველი შეთანხმება შედგა. ხელისუფლების ოპონენტები უზენაეს სასამართლოსთან დღეს ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომელიც სასამართლო სისტემის ცვლილებებს შეეხება.
იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მათ წინასწარ ექნებათ შეთანხმებული კონკრეტული ცვლილებები, რასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განახორციელებენ.
სასამართლო სისტემის ცვლილებებში ხელისუფლების ოპონენტები მოიაზრებენ რაიონებში მოსამართლეების არჩევითი სისტემის დანერგვას, სისხლისსამართლის საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა სისტემის ჩამოყალიბებას, უცხოელი გამოცდილი მოსამართლეების დანიშვნას საკასაციო და სააპელაციო სასამართლო სისტემებში, ასევე ამერიკისა და ინგლისის პრეცედენტული გადაწყვეტილებების საქართველოში დანერგვას.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია "ფორმულასთან" საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსულ არც ერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მართლმსაჯულების სისტემა დაიმორჩილოს.
"ეს არის ერთგვარი წინასწარი პირობა, რომელზეც ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, თუ რას გააკეთებენ მას შემდეგ, რაც იქნებიან ხელისუფლებაში. ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის ხელისუფლებაში მოსულ პარტიებს ჰქონდათ ცდუნება, რომ მართლმსაჯულების სისტემა ხელში ჩაეგდოთ. ეს უნდა დასრულდეს. უნდა გავაგრძელოთ ნორმალური ადამიანებივით მოქცევა. ერთმანეთს არ ვიჭერთ, არ ვაწამებთ ციხეებში და არ ვაკონტროლებთ მართლმსაჯულების სისტემას", - განაცხადა ხვიჩიამ.
შეთანხმების მნიშვნელობაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია. მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმებით გაერთიანებულ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით კონკრეტული სამოქმედო გეგმა ექნება.
"უნდა გვქონდეს ხედვა რას ვაკეთებთ, რადგან იქნება კოალიციური მთავრობა. ერთი ეტაპი იყო სასამართლო რეფორმაზე და ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, რათა მერე არ იყოს კამათი. წინასწარ ვეუბნებით საზოგადოებას რა ნაბიჯებს გადავდგამთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ", - აღნიშნა დეპუტატმა.