შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ნათესავები ვლადიმერ პუტინთან კავშირებს ამყარებენ. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტები, რითიც დგინდება კავშირები პუტინისა და ივანიშვილის გარემოცვასთან.
მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადებისთვის ემზადებოდა და საკუთარი აქტივების ფონდ ქართუს ანგარიშზე გადარიცხვას გეგმავდა, მისმა დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა ბიზნესსაქმიანობის გაფართოება დაიწყო. მამაცაშვილის სახელზე ახალი კომპანიები ჩნდება, სადაც ივანიშვილის დეიდაშვილის ბიზნესპარტნიორები პუტინთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენები არიან.
კომპანია GWP WINES and Spirits limited 2020 წლის 24 თებერვალს ბრიტანეთის მოქალაქემ ჯორჯ კუხალეიშვილმა დაარეგისტრირა. 5 თვეში კი ეს ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა გადაიბარა. ოფიციალურ დოკუმენტში მითითებულია, რომ კომპანია ალკოჰოლურ სასმელებს ყიდის. ბიზნესის აქციების 20-20%-იან წილებს რუსი ბიზნესმენები - ვადიმ კასიანოვი და ზაურბეკ ბუგოვი ფლობენ. კიდევ ერთ კომპანიაში უჩა მამაცაშვილთან ერთად, ჩნდება ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის სახელიც.