შაბათის ფორმულამ გოგებაშვილის ქუჩაზე 4 მაისს მომხდარი სროლის დეტალები გაარკვია. საუბარია ინციდენტზე, რა დროსაც დაუღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი. დაღუპული თავად თავდამსხმელი საბა გახოკიაა, ხოლო დაშავებულებს შორის ბიზნესმენი გივი, იგივე გიჩო მარგველაშვილი და ტურისტი არიან, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
შაბათის ფორმულამ დაადგინა, რომ გიჩო მარგველაშვილი დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა და თავდასხმის მომენტში მის გვერდით მისი ბიძაშვილის პირადი დაცვის თანამშრომელი - კახაბერ კამლაძე იყო.
სროლის ერთ-ერთ მთავარ მოტივად წარსულში გახოკიასა და მარგველაშვილის ფიზიკური დაპირისპირება სახელდება, რა დროსაც გიჩო მარგველაშვილმა საბა გახოკია მძიმედ დაჭრა.
დაპირისპირების მთავარი ფიგურანტები ერთ სკოლაში სწავლობდნენ და ერთ უბანში ცხოვრობდნენ. თუმცა, საბა გახოკია გარკვეული წლების განმავლობაში, საქართველოში არ იმყოფებოდა და სავარაუდოდ ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში აღარ შეხვედრიან. მარგველაშვილსა და გახოკიას შორის, წარსულში მომხდარი დაპირისპირების დეტალები კარგად ახსოვთ მათ სკოლელებს და მეზობლებს, მაგრამ ამ თემაზე ღიად დღეს აღარავინ საუბრობს.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე განვითარებული მოვლენების უკან, გამოძიება ეძებს შესაძლო ბიზნეს ინტერესებსა და დიდი ფულის გამო დაწყებული დაპირისპირების კვალსაც.
გიჩო მარგველაშვილი ახლა მკურნალობას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში აგრძელებს. მისი მამა - კინოსა და თეატრის ინსტიტუტის ყოფილი რექტორი, გოგი მარგველაშვილი შაბათის ფორმულასთან საუბრისას ვარაუდობს, რომ "ეს მკვლელობის მცდელობა იყო".
თეატრისა და კინოს ყოფილი რექტორი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს გამოჰკითხა. გოგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ოჯახს ვერსიაზე საუბარი უჭირს, უჭირს იმ კონფლიქტის გახსენებაც, რომელიც მის შვილსა და მასზე თავდამსხმელს წარსულში ჰქონდათ: "კონფლიქტზე და 20 წლის მერე - ამას უკვე გიჩომ უნდა უპასუხოს. საფრთხეს ვერ გრძნობდა, არანაირი გაფრთხილება არ მიგვიღია". ოჯახის ინფორმაციით, მარგველაშვილი თავდასხმას არ ელოდა. მათი თქმით, ნათესავის დაცვის წევრი დანაშაულის ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა.
შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ თავდასხმამდე მარგველაშვილი 3 პირთან ერთად რესტორან ლა-ვერეში იმყოფებოდა. ირკვევა, რომ მარგველაშვილი ობიექტის ხშირი სტუმარია - გამორიცხული არაა ეს ინფორმაცია თავდამსხმელსაც ჰქონოდა.
სათვალთვალო კამერების კადრებით ირკვევა, რომ გახოკიამ ორი იარაღით ისარგებლა. მას შემდეგ რაც გახოკიას ვინჩესტერის იარაღში ტყვიები დაუმთავრდა, სროლა მაკაროვის პისტოლეტიდან გააგრძელა, მაგრამ საპასუხო სროლის შემდეგ, მალევე გონება დაკარგა და ადგილზე გარდაიცვალა.
"10-15 გასროლის ხმა გავიგეთ, შემდეგ სასწრაფო მოვიდა. 2 ძირს იწვა, ერთი ტურისტი დაშავდა მაღაზიაში და მას ბრმა ტყვია მოხვდა. გვითხრეს რომ ქართველები, რომლებიც ქუჩაში ისროდნენ, კრიმინალური წრიდან იყვნენ და უბანში დიდი გავლენებით სარგებლობდნენ. დაპირებული მხარეები კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული პირები არიან და ერთმანეთთან წარსულში კონფლიქტი ჰქონდათ. ისინი შუახნის კაცები არიან. ტყვიები მანქანებსაც მოხვდა. მათ შორის ჩემი მეგობრის [მანქანაც]", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, კონფლიქტი ვერაზე ამით არ ამოწურულა, გივი მარგველაშვილის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, საავადმყოფოს ეზოში ერთმანეთს მისი მეგობრები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტის მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილი სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირებას ჰქონდა. კლინიკაშიც ადასტურებენ, რომ 4 მაისს მარგველაშვილის შემდეგ კიდევ ერთი პაციენტი მიიღეს, მაგრამ იყო თუ არა ეს კონფლიქტში მონაწილე პირი მათთვის უცნობია.
გავრცელებული ვერსიით, საბა გახოკიასა და გიჩო მარგველაშვილის დაპირისპირება იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე არ დაწყებულა. მათი კონფლიქტი 90-იან წლებში 53 საჯარო სკოლაში დაიწყო. გახოკიას ახლობლები პირად საუბრებში ჰყვებიან, რომ მე-10 კლასელ მოზარდებს შორის ვითარება ისე დაიძაბა, რომ გიჩო მარგველაშვილმა საბა გახოკია დაჭრა, თუმცა ამ ინციდენტსა და დაჭრას უარყოფენ მარგველაშვილის ნათესავები.
დაცვის პოლიციის უფროსი ინსპექტორი კახა კამლაძე, რომელმაც თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაიბარა. უწყებას თავდასხმის მოტივი ჯერ არ დაუდგენია.