logo
ENG



შავგულიძე: მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ

13 თებ 202322:11
3 წუთის საკითხავი
 

"მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ"- ასე ეხმაურება გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე ხელოვანების მიერ ნამუშევრების ეროვნული გალერეიდან გატანას.

დღეს რამდენიმე ხელოვანმა - საბა გორგოძემ, შოთა აფციაურმა და ანდრო დადიანმა საკუთარი ნამუშევრების გატანა მოითხოვა.

***

4 თებერვალს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!".

მოგვიანებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე კედელზე გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოკითხეს. შავგულიძემ ფორმულასთან თქვა, რომ პოლიციაში კითხვები ჰქონდათ წარწერაზე, ასევე, მისი და სულაბერიძის ურთიერთობაზე.

5 თებერვალს განცხადება გაავრცელა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, რომელშიც წერია, რომ "გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია".

სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. 

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს. ამის შესახებ განცხადება ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მხატვრის აქციას კრიმინალის ნიშნები არ ახასიათებდა.

11 თებერვალს საქართველოს პენცენტრმა დაგმო მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, ეროვნულ გალერეაში შესრულებული საპროტესტო ნამუშევრის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. გარდა ამისა, პენცენტრი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გდადგომას ითხოვს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "პენცენტრისთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურის სამინისტროს მხრიდან ამ საკითხზე გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მხატვრის მისამართით გატარებული ღონისძიებები შსს-სა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა".

სულაბერიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა 12 თებერვალს ეროვნულ გალერეასთან. მხატვრის წინააღმდეგ საქმის აღძვრა გააპროტესტა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.


close დახურვა