შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და ალექსანდრე ბარამიძემ, პარტია თავისუფალი დემოკრატები დატოვეს. ამის შესახებ შალვა შაგვულიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების მიზეზი პარტიაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარება გახდა.
"საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია თავისუფალი დემოკრატები. ეს გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა. იგივე პოზიციას იზიარებენ და პარტიას ტოვებენ მისი ლიდერები - ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძე. ასევე თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ქიტიაშვილი", - განაცხადა შავგულიძემ.
ნინო გოგუაძემ "ფორმულას" უთხრა, რომ თავისუფალი დემოკრატებიდან წასული ლიდერები სხვა პარტიაში წასვლას არ გეგმავენ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას ევროპულ საქართველოსთან ერთად მიიღებენ.
შეგახსენებთ, შალვა შავგულიძე მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატია.