ევრუპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტის პირველივე ბრიფინგზე არსებულ პოლიტიკურ კრიზისს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია ამის გამო. დღეს, პირველ მარტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მანვე დიალოგისკენ მოუწოდა პოლიტიკურ მხარეებს.
"ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც გამწვავებულია კრიზისი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და პირადად მეც.
ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ სიტუაციის გასანეიტრალებლად. ჩვენი შეხვედრის დროს, მე მოვუწოდებ პასუხისმგებელი მოქმედებისკენ, დიალოგისკენ პოლიტიკურ მხარეებს შორის.
მე, ასევე, საშუალება მექნება შევხვდე და მქონდეს გულწრფელი და ღია საუბარი პრემიერ მინისტრთან. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. მე ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს ლიდერობას, ყველა მხარის ჩართულობას, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს ყველა საშუალება მიიღოს ეს გამოწვევა, რათა მოახდინოს დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაცია, არამხოლოდ იმ კავშირში, რაც ევროპასთან აქვს, არამედ, თავისი დემოკრატიული ბაზებით, რაც იქნება გამყარებული, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რათა გამყარდეს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს მიზნები ჩვენს ასოცირების ხელშეკრულებაშია ჩადებული", - თქვა შარლ მიშელმა.
მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირს სურს, დარჩეს საქართველოს გვერდით, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
"მინდა, აქ ყოფნით ვისარგებლო და გამოგიგზავნოთ მეგობრობის მესიჯი", - განაცხადა მან.