ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში დაეშვა.
მიშელი პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შეხვდება, ასევე, მივა პარლამენტში, სადაც, სავარაუდოდ, პარტიებთან გამართავს შეხვედრას.
მიშელმა ჩამოსვლა გუშინ, 19 აპრილს მას შემდეგ დააანონსა, რაც ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა.
მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა:
- ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
- სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
- რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
- გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
- გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
- მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];
ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ, არმაზ ახვლედიანმა, გრიგოლ ვაშაძემ და შალვა შავგულიძემ.
ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.
დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ლეიბორისტულმა პარტიამ და ელენე ხოშტარიამ.
დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციასმოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.
მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.
- ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
- რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე.
- და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.