logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბე გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

27 ივნ 202012:45
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს, არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. ინფორმაცია „ფორმულას“ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერაძემ დაუდასტურა.

„ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ახლა მეორე დაცვის ქვეშ მყოფთან შევდივარ“, - განაცხადა ნემსიწვერაძემ.

დაკავებულს ბრალი უკანონო თავისუფლების აღკვეთაში, ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის წარუდგინეს.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ.

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 

 


close დახურვა