გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირის ვინაობა ცნობილია, რომელიც საქმეში ფიგურირებს, როგორც "მეორე მანქანის" მძღოლი. იგი დავით კიპაროიძეა. ჩვენებას Report.ge ავრცელებს.
კიპაროიძე თავის ჩვენებაში აცხადებს, რომ გადაადგილების დროს ავტომაგისტრალზე "რაღაც" შენიშნა, ხოლო მანქანიდან გადასვლის შემდეგ, ნახა, რომ ეს ნიახური იყო. ჩვენების დროს, ის აცხადებდა, რომ რაღაც დროის განმავლობაში სწორედ სავალ ნაწილთან დაყრილ ნიახურს კრეფდა. საქმის ფიგურანტის ჩვენების მიხედვით, ის მაგისტრალზე დაახლოებით ღამის 01:00 საათზე იმყოფებოდა და მას მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვი ახლდა.
"იქნებოდა ღამის პირველი საათი, რა დროსაც ჩემი კუთვნილი Ford Transit-ის მარკის და მოდელის მიკროავტობუსით ჩემს მეუღლესთან და 2 წლის შვილთან ერთად სახლიდან გავემგზავრე საჩხერის რაიონი სოფელ გამოღმა არგვეთში, სადაც მაქვს სახლი.
დაახლოებით 01:00 საათზე როდესაც გავცდით საგურამოს გადასახვევს და გავდიოდი არაგვის ხიდზე, შევნიშნე, რომ ხიდის დასრულებამდე დაახლოებით 50-60 მეტრში გზის სავალი ნაწილის გამყოფ ზოლზე, დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე რაღაც იყო დაყრილი.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან რაიმე სახის უბედურ შემთხვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა, მე გადავწყვიტე, მენახა, თუ რა ეყარა მაგისტრალზე და საჭიროების შემთხვევაში გადმომეტანა გზის პირზე. აქედან გამომდინარე მანქანა გავაჩერე დაახლოებით 50 მეტრში იმ ადგილიდან სადაც რაღაც რომ შევამჩნიე, კერძოდ ხიდის ბოლოში გზის პირას, ჩავრთე ავარიული შუქურები და გადმოვედი მანქანიდან მარტო, ანუ ჩემი მეუღლე და შვილი დარჩნენ მანქანაში.
მე წამოვედი თბილისის მიმართულებით მაგისტრალის მანქანების გზის სავალ ნაწილში პირველი ზოლის ნაპირით. მივედი იმ ადგილას, სადაც შევამჩნიე რაღაც დაყრილი ნივთები. ამ დროს მაგისტრალზე ინტენსიური მოძრაობა არ იყო, მაგრამ მანქანები დროთა განმავლობაში მოძრაობდნენ.
თავიდან გზის პირიდან როდესაც გავუსწორდი იმ ადგილს, სადაც ის რაღაც ეგდო, მაშინვე არ მივსულვარ, იმიტომ, რომ მაგ დროს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოდიოდა სატვირთო მანქანა, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით, რათა არ გადაევლო უცხო საგნებზე, ჩემი ფანრით ვანიშნე იმ ადგილზე სადაც რაღაც ეგდო.
როდესაც საშუალება მომეცა მივსულიყავი ჩემს წინ სავალი გზის გამყოფ ზოლთან ვნახე, რომ გზაზე დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე დაყრილი იყო ნიახური, რომელთა დიდი ნაწილი მანქანების გადავლის შედეგად გაფუჭებული იყო, ხოლო რამდენიმე ცალი შეკვრა, რომელიც არ იყო გაფუჭებული ავიღე და კვლავ მაგისტრალის პირველი ხაზის ნაპირის გავლით მივედი ჩემს მიკროავტობუსთან", - აცხადებს ჩვენებაში საქმის ფიგურანტი.
ცნობისთვის, საუბარია იმ ავტომობილზე, რომელიც ე.წ. ფერად შენობასთან ჩერდება და რომლის შესახებ გადაცემა პოლიტმეტრში გასული კადრების შემდეგ გახდა ცნობილი.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.
ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.