logo
ENG



შეგაჭმევ მიკროფონს - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების მეგობარი ჟურნალისტს დაუპირისპირდა

31 ივლ 202016:30
3 წუთის საკითხავი
clock 2190
efgxv6vbvclxd92.jpg

„გრცხვენოდეს, პროვოკაციაზე რომ მოდიხარ, შეგაჭმევ მიკროფონს“, - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მეგობარი ჟურნალისტს დაუპირისპირდა. ინციდენტი მცხეთაში მოხდა, სადაც 6 არასრულოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდება, დარჩება თუ არა ძალაში მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. უფლებადამცველები მოსამართლეს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ. გარდა ამისა ადვოკატები პროცესზე გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვენ.

შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, 6 არასრულწლოვნიდან 2 არასრულწლოვანი, რომელიც ტოიოტა ქემრის მანქანაში იჯდა, პატიმრობაში უნდა დარჩეს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 28 ივნისს 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა