logo
ENG



შენგელია: ზურაბიშვილის პრეზიდენტობის გამო აღარ მყავს დედა, გადავლახავ, ვთხოვ, შეიწყალოს ნიკა

17 თებ 202300:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/17/qjposa477a3l3b1.jpg

იურისტი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დედამისის ია კერზაიას დაღუპვასა და სალომე ზურაბიშვილის ახლანდელ თანამდებობას შორის პირდაპირი კავშირია, ის მზადაა, ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას გათავისუფლების თხოვნით მიმართოს.

ამის შესახებ ბაჩანა შენგელიამ 3 მედიის გაერთიანებულ ეთერში ისაუბრა.

შენგელიას თქმით, პრეზიდენტის მიერ მთავარი არხის დირექტორის შეწყალება ყველაზე სწრაფი ბერკეტია რის გამოც, მზადაა, "უმძიმესი ამბავი გადალახოს" და მიმართოს სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს ნიკა გვარამია და "დადგეს ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე".

„როდესაც ამ მოძრაობაზე ვფიქრობდით და როცა დავიწყე ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ფიქრი იყო ის, რომ მე, როგორც იურისტმა ვიცი და არცაა დიდად იურისტობა ამისთვის საჭირო, რა ბერკეტები არსებობს ნიკას თავისუფლებისთვის და ამ დიდი მიზნისთვის. როდესაც იყო ყველაზე სწრაფი და მარტივი ბერკეტიც ამ შემთხვევაში ვიცით ყველამ, რომ ეს არის პრეზიდენტის მიერ ნიკას შეწყალება და როცა აქამდე მიდიოდა ჩემი ფიქრები, რომ შეიძლება წარმომედგინა, რომ ჩვენ რომ მივმართავთ პრეზიდენტს ხომ არის იმის შანსი, რომ მოხდეს და მოგვიწიოს მას შევხვდეთ. წარმოვიდგენდი როგორი რთული იქნებოდა ეს ჩემთვის იმიტომ, რომ ყველამ იცის, რაც ხდებოდა და იმ ადამიანის პრეზიდენტად გახდომის გამო არ მყავს მე დღეს დედა ცოცხალი, ყველამ იცის ეს და შესაბამისად როგორია ახლა რომ ამ ადამიანთან თუნდაც რაღაცა თხოვნით ან შუამდგომლობით მიმართო და უბრალოდ თვალი გაუსწორო და ხელი ჩამოართვა. მაგრამ, როდესაც ვფიქრობდით და უკვე მივედით ამ გადაწყვეტილებამდე მე გადავწყვიტე, რომ ამ ნაბიჯს გადავდგამდი.

ამ ყველაფერს მე გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის, უმძიმეს რაღაცას გადავლახავ, გადავყლაპავ, არ ვიცი უბრალოდ ჩემს თავში ვიპოვი ამ ძალას და გავაკეთებ ამ მიმართვას და ვეტყვი ამ ადამიანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი კავშირია იმ ყველაფერს შორის, რაც მოხდა და იმ თანამდებობას შორის, რასაც ის ახლა იკავებს, მე მივმართავ მას [სალომე ზურაბიშვილს], რომ ქვეყნისთვის გადადგას ეს ნაბიჯი და მიიღოს ეს, როგორც მიმართვად, გინდ თხოვნად - გაათავისუფლოს ნიკა გვარამია და დადგეს ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ვიღაცას ამით ვინმეს რამეს შევუნდობ ან ვინმეს შეიძლება სჭირდება ჩემი შენდობა, მაგრამ უბრალოდ მე ამისთვის მას დიდ მადლობას ვეტყვი და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად იქნება დიდი ამბავი“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

16 თებერვალს მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ახალი მოძრაობა - "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" დაფუძნდა. დღეს მოძრაობის მიერ გამართულ ბრიფინგზე ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ გვარამიას დაკავებით ხელისუფლებამ ეჭვქვეშ დააყენა ქვეყნის ევროპული მომავალი.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დამნაშავის გამოვლენის გარეშე დაასრულა. 

2022 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემის შესახებ მიწოდებული მასალაზე დაყრდნობით დოკუმენტი გამოაქვეყნეს, ბაჩანა შენგელიამ ია კერზაიას გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა.  

NGO-ების მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ 2018 წლის არჩევნების წინა პერიოდში ქართული ოცნების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმების მობილიზების სანაცვლოდ ადამიანებს სხვადასხვა სახის არალეგიტიმურ სარგებელს ჰპირდებოდნენ და უზრუნველყოფდნენ.

ფაილში ერთ-ერთ ნაწილად გამოყოფილი იყო საჯარო სამსახურების პოლიტიზება, საიდანაც ირკვევა, რომ ქართული ოცნება და სუს-ი ერთად ქმნიდნენ საჯარო სკოლის დირექტორების პოლიტიკურ დოსიეებს და საკადრო პოლიტიკის გატარებისას დოსიეებში მოცემულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ.

ბაჩანას შენგელიას თქმით, სოსო გოგაშვილის მხრიდან ამ ცნობების გასაჯაროება "სისტემის აღიარებაა" და ია კერზაიას საქმის გარემოებებს ცვლიდა, რაც 3 წლით ადრე შეწყვეტილი საქმის გამოძიების განახლების საფუძველია. 


close დახურვა