logo
ENG



შვედეთის ელჩი რუსულ კანონზე: ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამოა

25 თებ 202315:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/25/cj4qwspuxu6sbhu.jpg

შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი საქართველოში რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება.

"საქართველოს კანონპროექტი "უცხოური გავლების აგენტების" შესახებ ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, ასევე, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან შეუსაბამოა. სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია დემოკრატიის, განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საფუძველია. მათ შვედეთის სრული მხარდაჭერა ექნებათ", - წერს ის.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.

ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ ეს შემაშფოთებელია.


close დახურვა