logo
ENG



შოიგუ: რუსეთს აქვს კასეტური საბრძოლო მასალა, რომელიც უფრო ეფექტურია, ვიდრე ამერიკული

16 ივლ 202317:32
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთს აქვს კასეტური საბრძოლო მასალა, რომელიც "უფრო ეფექტურია, ვიდრე ამერიკული".

"თუ ამერიკა საბრძოლო მასალას მიაწვდის უკრაინას, რუსეთის შეიარაღებული ძალები იძულებული გახდებიან, საპასუხო ზომების სახით, ასეთივე იარაღი გამოიყენონ უკრაინის შეიარაღებული ძალის საწინააღმდეგოდ. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს აქვს კასეტური საბრძოლო მასალა ყველა შემთხვევისთვის და ის უფრო ეფექტური და მრავალფეროვანია, ვიდრე ამერიკული", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.

7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თეთრი სახლი ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ფიქრობდა.

მისი თქმით, უკრაინული მხარისგან მიიღეს გარანტიები, რომ კასეტურ ბომბებს "მაქსიმალური სიფრთხილით" გამოიყენებენ.

კასეტური საბრძოლო მასალა ბომბებს დიდი ტერიტორიაზე ავრცელებს, შეჯახების დროს ბომბები შეიძლება არ აფეთქდეს და გრძელვადიანი საფრთხე შექმნას. კასეტური საბრძოლო მასალა 100-ზე მეტ ქვეყანაში აკრძალულია და შესაბამისი კონვენციის ხელმომწერია. აშშ და უკრაინა კონვენციის ხელმომწერები არ არიან.

13 ივლისს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა განაცხადა, რომ "ამ დროისთვის კასეტური საბრძოლო მასალები მართლაც ჩასულია უკრაინაში", თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, უკვე გამოიყენეს თუ არა უკრაინელმა სამხედროებმა მიღებული იარაღი ფრონტის ხაზზე.


close დახურვა