logo
ENG



შოლცის თქმით, გერმანიაში დაისჯება ყველა, ვინც ჰამასის ქმედებებს მხარს დაუჭერს

13 ოქტ 202317:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/13/12294oaz7to8jku.jpg

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიაში დაისჯება ყველა, ვინც ჰამასისს ქმედებებს გაამართლებს, დანაშაულებრივ აქტივობებს მხარდაჭერას გამოუცხადებს, დაწვავს ისრაელის დროშებს და ტერორისტული დაჯგუფების სიმბოლოებს გამოიყენებს. 

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანიაში ანტისემიტიზმის მიმართ "ნულოვანი ტოლერანტობა" იქნება. მან სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, პასუხისმგებლობა დააკისრონ ყველას, ვინც ჰამასს მხარს დაუჭერს. შოლცის თქმით, ამისთვის გამოყენებული იქნება ისეთი საშუალებები, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. 

კანცლერის ეს განცხადება ბერლინიდან გავრცელებულ ფოტოებს მოჰყვა, სადაც ასახული იყო, როგორ აღნიშნავდნენ ადამიანები ისრაელზე ჰამასის თავდასხმას. შოლცმა ამას "დაუშვებელი და არაადამიანური" უწოდა". 

"ეს ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომლის ერთგულიცაა ჩვენი ქვეყანა", - აღნიშნა მან. 

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

 

 
 
 

close დახურვა