შსს-მ დავითგარეჯში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის ჟურნალისტების თავდასხმის შემთხვევის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
გამოძიება ჯერჯერობით დაწყებული არ არის ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.
დავითგარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
ისინი შაბათის მთავარისთვის სიუჟეტს ამზადებდნენ.
ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა.
თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს.
- რას ყვება ჟურნალისტი ნინუცა კეკელია, წაიკითხეთ აქ
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დავითგარეჯში მედიაზე თავდასხმის შემდეგ ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, თითოეული ფაქტი სათანადოდ იყოს გამოძიებული.