logo
ENG



შსს-მ შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა

08 სექ 202116:02
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 

მათი ცნობით, დაკავებულია 1988 წელს დაბადებული პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

"გამოძიებამ ჩაატარა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.

შესწავლილ იქნა შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და დათვალიერდა შემთხვევის დღეს შანაი ბრუკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე, შემთხვევის ადგილის, მისი დროებითი საცხოვრებელი სახლისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული 112-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები", - ამბობენ შსს-ში.

მათი თქმით, გარდა ამისა, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და სამართლებრივი დახმარების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიება:

"კერძოდ, დისტანციურად გამოკითხულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი, შანაი ბრუკის მეგობარი, რომელთანაც შანაი ბრუკს გარდაცვალებამდე ჰქონდა კომუნიკაცია, სოციალური ქსელის მეშვეობით.

ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვლები, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, გადაგზავნილ იქნა ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში.

აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკეს გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა", - აცხადებენ უწყებაში.

ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, დანაშაულის ადგილზე კი დანა იპოვეს.


close დახურვა