logo
ENG



შსს: აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება, კანონდარღვევა მყისიერად აღიკვეთება

08 ნოე 202112:34
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 ნოემბერს, 20:00 საათზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ შსს-ის თანამშრომლები. 

"ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება".- აცხადებს უწყება. 

ოპოზიციამ 8 ნოემბერს აქცია 2 დღის წინ, 6 ნოემბერს დააანონსა - ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან თქვა, რომ მასშტაბური აქცია დაიგეგმებოდა იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანდნენ. 

პარალელურად პარლამენტის შენობასთან შსს-მ ისევ აღმართა ჯებირები. 

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 39-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.

ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც.  

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.  

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-6 დღეა, შიმშილობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. 


close დახურვა