logo
ENG



შსს: ინფორმაცია, თითქოს რიონის ხეობაში ინტერნეტის სიგნალს ვახშობთ, სიმართლე არ არის

04 აპრ 202115:59
3 წუთის საკითხავი
 
შსს: ინფორმაცია, თითქოს რიონის ხეობაში ინტერნეტის სიგნალს ვახშობთ, სიმართლე არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს შსს რიონის ხეობაში ინტერნეტის სიგნალს ახშობს. 

უწყების განცხადებით: 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 3 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშიც განმარტებულია, რომ რიონის ხეობაში განთავსებული სპეციალური სატრანსპორტო საშუალება რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურა შიდა რადიოკავშირის გამაძლიერებელ მექანიზმია, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ფიჭურ და სატელეფონო კავშირგაბმულობასთან, ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის რადიოკავშირის (რაციით კავშირის) გამართული მუშაობის მიზნით. რიონის ხეობაში აღნიშნული საპოლიციო ინფრასტრუქტურა რთული რელიეფური მდებარეობის და გართულებული კავშირგაბმულობის მიზეზით განთავსდა". - წერია უწყების განცხადებაში. 

რაც შეეხება რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას, შსს აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება დროებით ძალაში რჩება, "რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია"  

გუშინ, 3 აპრილს, როცა სამუშაოები განახლდა, გარდა იმისა, რომ აქციის მონაწილეებს გადაადგილება შეუზღუდეს, ასევე დაახშეს ინტერნეტის სიგნალი. დააკავეს 2 ადამიანი, ღამით კი კარვებამდე არ მიუშვეს აქტივისტები, რომლებიც მოგვიანებით კომენდანტის საათის დარღვევის მიზეზით 2000-2000 ლარით დააჯარიმეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების და ომბუდსმენის შეფასებით, აქციის მონაწილეების მიმართ მათი კონსტიტუციური უფლებები დაირღვა. 

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას 161 დღეა აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

აქტივისტებმა ეკონომის მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრა მოითხოვეს. თურნავა სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მათ შეხვდა კიდეც, თუმცა, შეხვედრა კითხვებზე პასუხის გარეშე, რამდენიმე წუთში დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დაემატა დემონსტრანტების მოთხოვნებს თურნავას გადადგომა. 

ქუთაისის აქციებს წინ უძღოდა პროტესტი რიონის ხეობაში. დემონსტრანტებს ადგილზე კარვები აქვთ გაშლილი. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალა. 

ორგანიზაცია EMC ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს ტერიტორია 99 წლით, სიმბოლურ ფასად გადასცა გადასცა, ამასთან, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ კომპანიას უფლება აქვს, 15 წლის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგია არ მიაწოდოს. 

ორგანიზაციის შეფასებით, ნამახვანის კასკადის პროექტი სამართლებრივ დარღვევებს, მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს 

ორგანიზაციის მოკვლევით, აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.

კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს.

EMC ამბობს, რომ პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. დასატბორ ტერიტორიაში ხვდება 110 ოჯახი, რომლებიც შესაძლოა გამოასახლონ. ზეგავლენის არეალში ექცევა 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რამდენიმე სოფელი და 10-ზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი.


close დახურვა