logo
ENG



შსს: ქობულეთის მუნიციპალიტეტში 20 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე 3 ადამიანი დააკავეს

26 მაი 202318:50
3 წუთის საკითხავი
 
შსს: ქობულეთის მუნიციპალიტეტში 20 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე 3 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა 20 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მისი ცხედარი ტყეში დამარხა.

დაღუპულის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 22 მაისს შევიდა. უწყებაში ამბობენ, რომ 16 მაისს 2003 წელს დაბადებული ბრალდებული და დაღუპული მეგობრის სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა მოხდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა და კიდევ ერთმა პირმა ცხედარი ავტომობილით სოფლიდან მოშორებით წაიღეს და ტყის პირას დამარხეს.

პოლიციამ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. გარდა ამისა, მკვლელობის შემსწრე 2 ადამიანი, რომლებმაც პოლიციას დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა 19 მაისს ქვეყანა დატოვა. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს.


close დახურვა