შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისი პრაიდს მოუწოდებს, უარი თქვან გამოსვლაზე.
რუსთაველის გამზირზე, სადაც 18:00 საათზე ღირსების მარშია დაგეგმილი, დილიდან პრორუსული, ჰომოფობიური, აგრესიული ჯგუფები ძალადობენ. ისინი ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, შსს კვლავ დაგეგმილი აქციის მშვიდობიან მონაწილეებს ურჩევს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ჩაატარონ მსვლელობა.
ამასთან, შსს წერს, რომ პოლიციის თანამშრომლები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, თუმცა, ადგილზე მცირე რაოდენობის პოლიციელია. არსად ჩანს სპეციალური დანიშნულების რაზმები.
შსს-ისვე განცხადებით, რუსთაველზე მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით დაიწყო.
თუმცა, დაკავებული არავინაა.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გარდა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ლოკაციაზე გარკვეული ჯგუფების მიერ რამდენიმე მასშტაბური შეკრება-მანიფესტაცია არის დაანონსებული, მათ შორის, იგეგმება „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების ჩატარება.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ რომ "თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. აღნიშნული რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს.
კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ "თბილისი პრაიდის" მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ ყველა პირს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში. ასევე მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის კანონით დასაშვებ ფარგლებს.
სამართალდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მკაცრი და მყისიერი რეაგირება".- წერია შსს-ის განცხადებაში.