logo
ENG



ჩანაწერების დროს ბერა არასრულწლოვანია, ღარიბაშვილი ქართუს პრეზიდენტი - ოცნების განცხადება

07 მარ 202119:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/07/o6cdd2cu1gn8xfh.jpg

ქართული ოცნება გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს. 

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ჩანაწერები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, კუდის მიერ არის მოპოვებული. 

"გუშინ, ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია. გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) "კუდის" მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, ქართუს პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ.

ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, კაგებეს მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ", - აღნიშნულია განცხადებაში. 

პარტიაში ამბობენ, რომ "ჩანაწერთა ფაბრიკაცია, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და "საჭირო მომენტისთვის" იყო გადანახული".

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ჩანაწერების გავრცელება ეუთო/ოდირის ანგარიშს უკავშირდება. პარტიაში ამბობენ, რომ ჩანაწერები მოლაპარაკებების ჩაშლას ისახავს მიზნად. 

"ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის უაღრესად პოზიტიური შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამავე დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ თავზე აიღო მედიატორის როლი, რაც ბუნებრივია, პროცესის დეესკალაციის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების გარანტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა და მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა გაყალბებული ჩანაწერების გამოქვეყნება. რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია - ის სიყალბეზეა დაფუძნებული.

მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, ქართული ოცნება უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა.

თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

1-ლ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ოფიციაური შეხვედრები გამართა, მათ შორის, მოაწყო შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია  პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ასევე, მოთხოვნილია სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარება. 

მისივე თქმით, შედეგებით 16 მარტს დაინტერესდება - სწორედ 16 მარტს ტარდება ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომა. 


close დახურვა