logo
ENG



ჩვენს მთავრობას ოკუპანტი ქვეყნის სახელის ხსენებაც კი არ შეუძლია - წიკლაური კადიროვის მუქარაზე

17 ივნ 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მუქარა იმ მონური დამოკიდებულებით არის გამოწვეული, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციის მიმართ აქვს. მათი თქმით, ჟურნალისტის სიცოცხლეზე ახლა სწორედ „ოცნების“ მთავრობაა პასუხისმგებელი და მან საერთაშორისო ასპარეზზე უნდა იაქტიუროს, რომ გიორგი გაბუნიას საქმე გახდეს ისეთივე რეზონანსული, როგორიც ეს სკრიპალების შემთხვევაში იყო.

„ეს არის დაუფარავი და უტიფარი მუქარა, რომელიც ნამდვილად შეიცავს საფრთხეს და ქართული სახელმწიფო არ უნდა მოეკიდოს მას ისე, რომ თითქოს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ განცხადება. ჩვენ ვიცით, რომ არაერთი შემთხვევა მოხდა, როდესაც თვით უცხოეთში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც დაპირისპირებული იყვნენ პუტინის რეჟიმთან, ასე გაუსწორდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მთავრობის პასუხები არის არაადეკვატური, შეუსაბამო. ის არ ახდენს აქცენტირებას მთავარ საფრთხეზე, რაც მოდის რუსეთიდან და საერთოდ არ შეუძლია ოკუპანტი ქვეყნის სახელის ხსენებაც კი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

საკითხზე ასევე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ისაუბრა. ის მიიჩნევს, რომ სუს-ისგან პასუხების მოთხოვნა მას შემდეგ იქნება მიზანშეწონილი, რაც საქმეზე გამოძიება დასრულდება.

„ნებისმიერი მოქალაქის სიცოცხლე არის პასუხისმგებელი სახელმწიფო. ამ შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ, რომ დანაშაული აღიკვეთა. მესმის, რომ ინტერესი ძალიან დიდია, რადგან ძალიან სპეციფიური და საშიში დანაშაული შეიძლება მომხდარიყო და ამიტომაც საზოგადოების ინტერესი ლეგიტიმურია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ამ სპეციფიკურ დანაშაულში სუს არის გარკვეულწილად შებოჭილი იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერს მალე ვერ იტყვის. ჩემი აზრია, რომ დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და მერე მოვითხოვოთ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, 15 ივნისს, „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში, სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ფორმულას" ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

საქმეს თავად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. მან გიორგი გაბუნიასგან დაჩოქება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.


close დახურვა