logo
ENG



ჩოლოიანის გადაყვანისას ხელბორკილების დადების აუცილებლობა არ იყო - პენიტენციური სამსახური

21 დეკ 201918:28
3 წუთის საკითხავი
 
odr5s212w7cjkhe.jpg

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ხელბორკილების დადების აუცილებლობა არ არსებობდა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი. 

გარდა ამისა, უწყებაში ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ის ფსიქიატრის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. 

"სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ხელბორკილი განეკუთვნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალური საშუალებების ერთ-ერთ სახეს, რომლის გამოყენების წესიც დარეგულირებულია „პატიმრობის კოდექსითა“ და სხვა ნორმატიული აქტებით. პატიმრობის კოდექსის 57 პრიმა  მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას ხელბორკილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელბორკილი გამოიყენება იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას; რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; რომელიც ცდილობს გაქცევას; აგრეთვე, თუ არსებობს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის გონივრული ეჭვი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N149 ბრძანების „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-7 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ბადრაგირებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მათ მოთხოვნილებებს, ფიზიკურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ საჭიროებებს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების ტიპის შერჩევას, კონტროლის მეთოდებსა და ხელბორკილების გამოყენებას. ბრალდებულ მ.ჩ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან გამოყენებული ყოფილიყო სპეციალური საშუალების ერთ-ერთი სახე - ხელბორკილი. რაც შეეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრიდან“ ის გამოეწერა შემდეგი რეკომენდაციებით: ფსიქიატრის მუდმივი მეთვალყურეობა, ფსიქიატრის კონსულტაცია 5 დღეში, დანიშნულება: ფევარინი 100 mg – ½ საღამოს, 5 დღე, შემდგომ ფსიქიატრის მეთვალყურეობით დოზის გაზრდა. ამჟამად ბრალდებული იმყოფება N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, 20 დეკემბერს „ფორმულამ“ სკანდალური კადრები გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ მარიანა ჩოლოიანი ქუჩაში გადაადგილდება და ხელბორკილები არ ადევს. ოფიციალური ინფორმაციით, წინა დღეს ჩოლოიანი შეუძლოდ იყო, მან მის მიმართ წაყენებული ბრალდება ჟესტიკულაციით უარყო და სასამართლო პროცესი კლინიკაში გაიმართა.

ბრალის წარდგენიდან მეორე დღეს „ფორმულას“ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება ის, გადის შენობიდან, ჯდება მანქანაში და სიგარეტს ეწევა.


close დახურვა