„მე ყველა შემთხვევაში დავუჭერ ამ კონკრეტულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს, მიუხედავად იმისა მესმის რაზე იყო საუბარი და რას მოიცავდა.“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ შეთანხმებას, რომელიც ორ ძირითად პუნქტს, საარჩევნო ცვლილებებსა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას მოიცავდა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან პოლიტპატიმრების შეთანხმების დარღვევა პოლიტიკურ მხარეებს საშუალებას მისცემს, რომ შეთანხმება არ აღსრულდეს.
„ან ხელისუფლებამ უმრავლესობის წარმომადგენლებმა უნდა თქვან, რომ მათ გარკვეული ნაბიჯები აქვთ გადასადგმელი ამ საქმესთან დაკავშირებით, ან ოპოზიციამ მაინც უნდა მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა, მიუხედავად იმისა ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან რა მოხდება. მე ყველა შემთხვევაში დავუჭერ ამ კონკრეტულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას, მიუხედავად იმისა მესმის რაზე იყო საუბარი და რას მოიცავდა.თვითონ ეს რეფორმა მგონია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის გაკეთდეს. თუმცა კარგი საბაბი აქვთ პოლიტიკურ ძალებს მოძებნონ მორიგი მიზეზი რატომ არ უნდა აღსრულდეს შეთანხმება.
ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობის შემდეგ გამოჩნდა რაზეც შევთანხმდით. პირდაპირ ითქვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ეს იყო შეთანხმების დარღვევა. მე ვფიქრობ რომ ელჩები, რომლებიც აქამდე სწორ როლს ასრულებდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ შეთანხმება შესრულდეს, თუმცა უხერხულია ქვეყნის მხრიდან ბავშვური ქმედებები“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა. ხელი ორ დოკუმენტს მოეწერა - პირველი საარჩევნო სისტემას შეეხებოდა და ის მადატების გადანაწილებას გულისხმობს პროპორციით - 120-30ზე, ნულოვანი ბარიერით. მეორე შეთანხმება მართლმსაჯულებას უკავშირდებოდა.
ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოქალაქემ 13 აპრილს გამოიტანა. ოპოზიციის შეფასებით, ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯით ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება, რომელიც მიღწეული იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, დიპლომატების ჩართვით და ითვალისწინებდა პოლიტპატიმრების განთავისუფლებას.