ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩხოროწყუს მერიის შენობაში ერთერთი სკოლის მოსწავლეებს საპირფარეშო დაასუფთავებინა. ჩხოროწყუს ერთერთი სკოლის მოსწავლეებს მიერ მერიის შენობის საპირფარეშოს დაასუფთავების კადრები გუშინ, 31 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადგილობრივი მედიის, რადიო ათინათის ცნობით კი, ინფორმაცია ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც დაადასტურეს.
დავით გოგუას თქმით, ის კადრების გავრცელებისთანავე დაინტერესდა საქმის ვითარებით.
"ეს მიუღებელი ფაქტია. ამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება გვქონდა, სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. მე მოკითხული მაქვს ეს საქმე და ჩართულიც ვარ, რომ ყველაფერი ბოლომდე მივიდეს. ვისი ბრალეულობაც იქნება, ყველა უმკაცრესად დაისჯება", - აცხადებს ჩხოროწყუს მერი.
რესურსცენტრში კი ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს:
"ინფორმაცია მაქვს, მაგრამ დაზუსტებული არაა, როგორ, რანაირად, პოლიცია უკვე იძიებს, სამინისტროს ვაცნობეთ და მოკვლევის ეტაპზე ვართ. ბავშვებს როცა შევხვდი, ნაწილი ამბობს, რომ სათამაშოდ წაგვიყვანესო, ნაწილი კი რომ დასასუფთავებლად იყვნენ. ცუდი ფაქტია, მით უფრო კორონავირუსის პირობებში. აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ბოლომდე. სკოლის პოზიცია ისაა, რომ მოვიდნენ გავაყოლეთ ბავშვები, გვეგონა, რომ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქცია და დაუფიქრებლად გადავდგითო ეს ნაბიჯი. მოვიდა ქალბატონი, გამგეობას აქვსო ეს პროექტი და რამდენიმე სკოლა იღებს მონაწილეობასო, დავუჯერეთ და ბავშვებიც სიამოვნებით წავიდნენ", - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ლია ჯალაღონია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.