logo
ENG



ცერცვაძე: ავადმყოფების მცირე რაოდენობა სახელმწიფო ვერტიკალის სწორმა მოქმედებამ განაპირობა

07 აპრ 202019:09
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი სახელმწიფო ვერტიკალის სწორი მოქმედების შედეგია.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველომ ყველა საჭირო ღონისძიება დროულად და ეფექტურად განახორციელა, რაც ბევრმა ევროპის სახელმწიფომ ვერ შეძლო.

 „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან აწყობილმა, საათივით მოქმედებამ. მხედველობაში მყავს ვერტიკალი დაწყებული ეპიდემიოლოგით და ექიმით, გაგრძელებული დაავადებათა კონტროლის ცენტრით, ჯანდაცვის სამინისტროთი და საქართველოს მთავრობით, პირადად პრემიერ-მინისტრით, ბატონი გახარიათი, რომელმაც დაახლოებით 2-3 კვირის წინ, თავის ხელში აიღო ამ პრე კრიზისული სიტუაციის მართვა და მისი ინტერვენციები აღმოჩნდა უაღრესად ეფექტური. ვერტიკალმა ამას მიაღწია იმით, რომ ყველა საპასუხო ღონისძიება ხორციელდებოდა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად, რაც ვერ გააკეთა ევროპის ვერც ერთმა სახელმწიფომ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება ლეტალობის დაბალ მაჩვენებელს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ეს ქვეყნის კლინიკების მაღალი პროფესიონალიზმის შედეგია. მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ვირუსის სამკურნალოდ ყველაზე ინოვაციურ მკურნალობის მეთოდებს საქართველომ მსოფლიოში ყევლაზე პირველმა მიმართა.

„ის რომ მხოლოდ 3 პაციენტია გარდაცვლილი განაპირობა ისევ ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკამ და საქართველოს კლინიკების მაღალმა პროფესიონალიზმმა და თავგანწირვამ. ჩვენ თავის დროზე, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე ადრე გამოვიყენეთ ყველაზე მოწინავე, ინოვაციური მეთოდები მკურნალობის, რომელიც შემდგომში აღიარებული იქნა ისეთი ავტორიტეტების მიერ, როგორიც არის ამერიკის პრეზიდენტი და ამერიკის წამლისა და საკვებ პროდუქტთა ადმინისტრაცია, ე.წ. FDA, და ჩვენ ამას ვიყენებდით 1 თვით ადრე. ასევე ინოვაციური მიდგომები სიმპტომური და დამხმარე თერაპიის მიმართ, რომლის თვალსაზრისითაც მაქსიმუმი კეთდება თითოეულ ავადმყოფზე. თითოეული ავადმყოფი, როგორც კი გახდება ავად, მისი ჰოსპიტალიზება ხდება დაუყონებლივ 24 საათში ხდება მისი გამოკვლევა და სამედიცინო პერსონალი მას 24 საათის განმავლობაში კურირებს. მაშინ როდესაც ისეთ დიდ სახელმწიფოებში, როგორიც მაგალითად აშშ, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთია და იტალიაა, ისეთი მდგომარეობაა, ეს რომ აქ ხდებოდეს, ამას არ ეყოფა ბრიფინგები. პაციენტები ხდებიან ავად და ერთადერთ რჩევა რასაც აძლევენ, ეუბნებიან დარჩნენ სახლში სანამ მდგომარეობა არ გაურთულდებათ, რადგან საკმარისი საწოლები არ აქვთ. ესაა შედეგი, რა რაოდენობაც არის ის ინფიცირებულების და გარდაცვლილების“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.

ცერცვაძემ ასევე მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოში მოქალაქეები არ არიან ისეთი დაცულები, როგორც საქართველოში.

„საქართველოს მოსახლეობა მინდა დავარწმუნო, შესაძლოა ქვეყანას ბევრ რამეში უჭირს, შესაძლოა ვენი ეკონომიკა განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკაა და ჩვენი ხალხი ვერ ცხოვრობს ისე, როგორც ქართველ კაცს ეკადრება და ღირსეულ სახელმწიფოს, ჯერ ვერ მივაღწიეთ განვითარების იმ საფეხურს, რაც წამყვან ქვეყნებშია, მაგრამ მათთვის სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც გამოჩნდა ამ კრიზისულ სიტუაციაში. მინდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ ისინი როგორც არც ერთი ევროპის და შესაძლოა მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფოს მოსახლეობა არ არის დაცული, ისე არიან დაცული ამ ინფექციისგან. იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც მაინც გახდება ავად, რაც გარდაუვალია, მაშინ უკვე ჩვენ, ექიმები ვკისრულობთ პასუხისმგებლობას, რომ სიცოცხლე იყოს დაცული, გარანტირებული და ლეტალობის შემთხვევები არ გასცდეს ერთეულებს, რასაც ვერ ავიცილებთ თავიდან“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 


close დახურვა