logo
ENG



ცერცვაძე: დაგვიანებული მომართვა COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია

12 აპრ 202121:37
3 წუთის საკითხავი
clock 1102
ცერცვაძე: დაგვიანებული მომართვა COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი სამედიცინო დაწესებულებისადმი დაგვიანებული მიმართვაა. 

როგორც ცერცვაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, დაგვიანებული მიმართვა ხდება როგორც პაციენტების, ასევე სამედიცინო პერსონალის მიზეზით.

"ჩვენ ჩავატარეთ ბოლო პერიოდში COVID გარდაცვალების შემთხვევების მოკლე ანალიზი, რომელმაც გვიჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში COVID პაციენტების გარდაცვალება გამოწვეულია COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვით, როცა პაციენტის მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმეა, რომ მისი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება.

COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვა ხდება ან თვითონ პაციენტის მიზეზით (უფრო ხშირად) ან სამედიცინო პერსონალის (სასწრაფო დახმარების ან ოჯახის ექიმი) მიზეზით (გაცილებით იშვიათად).

უფრო კონკრეტულად ეს მიზეზები შემდეგია:

1. პაციენტი COVID-ზე საეჭვო სიმპტომებით არ იკეთებს ან დაგვიანებით იკეთებს COVID-ზე ტესტირებას.

2. პაციენტი, რომელმაც იცის COVID ტესტის დადებითი პასუხი, არ მიმართავს ექიმს და ცდილობს თვითმკურნალობას, სანამ ძალიან არ დამძიმდება.

3. ოჯახის ან საწრაფოს დახმარების ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, პაციენტი კატეგორიულად უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე, სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდება.

4. იშვიათად ოჯახის ან საწრაფო დახმარების ექიმი ვერ აფასებს სათანადოდ დაავადების სიმძიმეს და დაგვიანებით ახდენს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას", - წერს თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მოქალაქეებს სთხოვს, საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ექიმს მიმართონ.

გარდა ამისა, ცერცვაძე მედპერსონალს მოუწოდებს, ზედმიწევნით შეასრულონ კორონავირუსის კლინიკური მართვის გაიდლაინებში გაწერილი რეკომენდაციები. 

"მივმართავთ სასწრაფო დახმარების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს განუხრელად ისარგებლონ COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ გაიდლაინებში გაწერილი ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებით და რეკომენდაციებით და ყველა საჭირო შემთხვევაში დროულად მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე. პაციენტის ბინაზე მართვის შემთხვევაში მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ დამძიმების რისკის მქონე პაციენტებთან.

მივმართავთ COVID კლინიკებს განუხრელად და ზედმიწევნით შეასრულონ COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინში გაწერილი რეკომენდაციები, სრულად გამოიყენონ სტანდარტული და ინდივიდუალური თერაპიის თანამედროვე მიდგომები და შესაძლებლობები, მათ შორის: რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა და პლაზმაფერეზი, კონვალესცენტის პლაზმა, კორტიკოსტეროიდებით თერაპია ე.წ. პულს თერაპიის ჩათვლით, რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია და სხვ", - წერს ცერვაძე.

დღეს, 12 აპრილს, საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 526 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა