logo
ENG



ცერცვაძე: კატასტროფულად დაიკლო აცრების რაოდენობამ - მოსახლეობა ქვეყანას საბოტაჟს უწყობს

22 სექ 202119:36
3 წუთის საკითხავი
clock 1326
ცერცვაძე: კატასტროფულად დაიკლო აცრების რაოდენობამ - მოსახლეობა ქვეყანას საბოტაჟს უწყობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ვაქცინაციის ტემპის კლებით შეშფოთებულები არიან.

მისი თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით რაც ხდება, კატასტროფა ქვეყნისთვის. ცერცვაძე ამბობს, რომ მოსახლეობა თავის თავსა და ქვეყანას აპოკალიფსს უწყობს.

"შეშფოთებულები ვართ ვაქცინაციის ტემპის ერთხანს მატების შემდეგ, როდესაც გავედით 25-30 ათასზე და იმედი გვქონდა, რომ 40-50 ათასზე გავიდოდით, ზოგადად დავძლევდით პანდემიას და მეხუთე ტალღა აღარ იქნებოდა, ან იქნებოდა ძალიან რბილი, მოხდა პირიქით - ბოლო დღეებში შემცირდა ვაქცინირებულთა რიცხვი.

კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის, რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, ჩვენი მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, არ ვიცი, ეს რა ნაწილია, ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზებული ნაწილი თუ სხვა მოტივები აქვთ, თუ ეს არის ცალკეული ვაიექსპერტების ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავს, ქვეყანას უწყობს საბოტაჟს.

13 ათასი ვაქცინა დღეში, ეს არის საბოტაჟი თავისი თავის მიმართ, ეს არის საბოტაჟი, პირველ რიგში, იმ ადამიანების მიმართ, ვინც გადაცილებული არიან 60 წელს და ასეთები მგონი ყველას ჰყავს ოჯახში - ახლობლები, მშობლები, ნათესავები, ფაქტობრივად, სწირავენ ისინი ამ ადამიანს, როდესაც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე რაღაც მოსაზრებით", - განაცხადა იმნაძემ.

ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყნის მასშტაბით დღიურად 15 000-ზე ნაკლები აცრა ტარდება, ამ რიცხვში შედიან ისინიც, ვინც მეორე დოზა გაიკეთეს.


close დახურვა