თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ, სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ჰოსპიტლის გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებში, ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია.
მან დიდი ბრიტანეთის მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ იქ ჰოსპიტლის გარეთ 600-მდე ადამიანია გარდაცვლილი, საქართველოში კი, ასეთი 15-16 შემთხვევაა დაფიქსირებული.
"59 ათასი გარდაცვლილი ჰყავს ინგლისს. ყოველი მეათე, ანუ 10% გარდაიცვალა ჰოსპიტალს გარეთ - სახლში ან თავშესაფარში. კარგია ეს? ვინ ტოვებს მძიმე ავადმყოფებს სახლში ჩვენ თუ ისინი ? იქ 5 900 კაცი გარდაიცვალა ჰოსპიტალს გარეთ და ჩვენთან 15-16. თქვენ მოიყვანეთ 2-3 მაგალითი, რომელიც ტრაგედიაა, მაგრამ რა უფრო დიდი ტრაგედიაა 3 კაცი თუ 3 000? როგორ შეიძლება საქართველოს ეს ჩაუთვალა რაღაც დანაშაულად, შეცდომად", - განაცხადა ცერცვაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ გამორიცხულია, მძიმე პაციენტები სახლში რჩებოდნენ, მსუბუქები კი საავადმყოფოებში იყვნენ მოთავსებული.
"ჩვენ რომ 30%-ს ვაწვენთ, ეს მოსახლეობაზე ზრუნვის ნიშანია, ამით ჩვენ ვიტვირთებით, კლინიკური სექტორია გადატვირთული. მაგრამ გამორიცხულია, რომ მძიმეები სახლში რჩებოდნენ და მსუბუქები ჰოსპიტალში. შეიძლება ის ვინც ამ 30%-ში მოხვდა და კლინიკაშია, არ იყოს ძალიან მძიმე, მაგრამ მძიმე ხომ არის? საშუალო სიმძიმის ბევრი მძიმდება. სწრაფად დამძიმება ახასიათებს კოვიდს", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ იგეგმება გაიდლაინის შეცვლა და კრიტერიუმების გაწერა, თუ ვინ უნდა მოხვდეს კლინიკაში, ცერცვაძემ თქვა, რომ არ იგეგმება, რადგან არ აქვთ გარანტია, რომ უკეთეს შედეგს მიიღებენ.
"როდესაც შემოდის უამრავი ზარი, ყველა წუხს, ყველა გეუბნება რომ მძიმეა, ზოგჯერ ობიექტურად ძალიან ძნელია გადაწყვიტო რომელი საჭიროებს ნამდვილად ჰოპიტალიზაციას და რომელი არა. ნიუ-იორკის შტატმა კანონი მიიღო, რომ თუ ექიმი დაუშვებს შეცდომას და გაწერს ავადმყოფს, რომელიც შემდეგ დამძიმდება, ან არ დააწვენს პაციენტს, რომელიც შემდეგ დამძიმდება, ასეთ ექიმებს ათავისუფლებს პასუხიმსგებლობიდან. იქ მიხვდნენ, რომ ეს გარდაუვალია, უამისოდ ეს არ გამოდის.
მუდმივად შეიძლება დაიწუნო, რომ ასე კი არ უნდა იყოს, ისე უნდა იყოს. ჩვენ დღეს რაც გვაქვს, იმ კრიტერიუმებით ასე თუ ისე ვუმკლავდებით და ასეთი ტრაგედიები, რომელიც არ უნდა იყოს, ერთეულია. რა ვქნათ შევცვალოთ გაიდლაინი ისე, რომ უარესი შედეგი მივიღოთ? არ გვაქვს გარანტია რომ უკეთეს შედეგს მივიღებთ", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, 24 წლის ნინო გულიკაშვილის ოჯახი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, მედიკოსებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. გარდაცვლილის ოჯახი ფორმულასთან ყვება, რომ ნინო გულიკაშვილს საეჭვო სიმპტომები 3 დღის განმავლობაში გამოუვლინდა. ამ პერიოდში ოჯახი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ცხელების ცენტრში 24 წლის ახალგაზრდა ქალი 6 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკიდან გაწერის დღეს დამძიმდა. ახალგაზრდა ქალი სამშაბათს, 1-ელ დეკემბერს გარდაიცვალა.
სამედიცინო დაწესებულება კი ბრალდებებს უარყოფს და ირწმუნება, რომ გოგო მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და მას თანმდევი დაავადება ჰქონდა, რომლის შესახებაც ოჯახმა არაფერი იცის.
კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა ასევე 1-ელ დეკემბერს მოხდა. 19 წლის თეკლა თორდიას მშობლები ყვებიან, რომ მათი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კოვიდსასტუმროში გადაყვანის დღიდან უკიდურესად მძიმე იყო. გადაყვანიდან მეორე დღეს მშობლებმა სასწრაფოსა და ჯანდაცვის სამინისტროში დაიწყეს რეკვა, დამძიმებული შვილის ჰოსპიტალში გადაყვანის იმედით, თუმცა, მათი თქმით, უწყებები სხვადასხვა მიმართულებით უსასრულოდ ამისამართებდნენ.