საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა.
პაციენტი თავდაპირველად ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში იმყოფებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო და რამდენიმე დღიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილს თანმდევი დაავადება - დიაბეტი ჰქონდა.
"პაციენტი შემოყვანილი იქნა მძიმე მდგომარეობაში. ემერჯენსის განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული. უმოკლეს ვადაში აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა გაიდლაინით განსაზღვრული პირველადი დახმარება. სიპაპ ვარჯიშების გაკეთების მიუხედავად, არ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი და გადაყვანილი იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. მძიმე მდგომარეობა განაპირობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ. 29 რიცხვში დაფიქსირდა სიკვდილი", - განაცხადა კლინიკის ექიმმა.
კითხვას, თუ რატომ იმყოფებოდა გარდაცვლილი კოვიდ სასტუმროში, ექიმებმა არ უპასუხეს.
ცნობისთვის, საქართველოში დღეს, 1 დეკემბერს, კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 574 ადამიანი, 36 კი გარდაიცვალა.