ცესკოსთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს, რის შედეგადაც მოქალაქეები დაშავდნენ. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ერთ-ერთ დაშავებული, რომელსაც სახის არეში, კონკრეტულად, თვალთან და ცხვირთან აქვს მიღებული დაზიანება. სავარაუდოდ, იგი ზაზა გუგავაა. იგი კლინიკა ნიუ ჰოსპიტალშია გადაყვანილი და ექიმები გამოკვლევებს უტარებენ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ფორმულას განუცხადეს, რომ მათ მიერ სამი პირია საავადმყოფოში გადაყვანილი, საიდანაც ერთი უკვე გაეწერა. რაც შეეხება ორ დაშავებულს, მათგან ერთი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, მეორე კი კაკვასიის მედიცინის ცენტრში.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე მომიტინგე დაშავდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დარბევის დაწყებამდე ისინი სამართალდამცველებს არ გაუფრთხილებია.
მომიტინგეებმა ცესკოსთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
შსს-ის განცხადებით, ცესკო-სთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება პროპორციული ზომაა.
უწყებაში აცხადებენ, რომ დემონსტრანტები ცესკო-ს შენობაში შეჭრას შეეცადნენ და ამისთვის "ძალადობრივ მეთოდებს" მიმართეს, რის გამოც, სამართალდამცველებმა "კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პროპორციული ძალა" გამოიყენეს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მოქალაქეების დარბევის ფაქტს ეხმაურება სახალხო დამცველი და ამბობს, რომ ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას.