ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის მოქალაქის საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით მიმართავენ როგორც საელჩოს, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას. მისი თქმით, საქმეში, სავარაუდოდ, ჩაერთვებიან ბენ მალეტის კომპანიის წარმომადგენლებიც.
"აი, ასეთი დამოკიდებულება აქვთ ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ, რომელიც რჩევებს აძლევს ჩვენს პარტიას. ასე ეშინიათ რჩევების?! საქმის კურსში ჩავაყენებთ ბრიტანეთის საელჩოს, მთელს საერთაშორისო საზოგადოებას, ბენი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ, დიდი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანიას, ისინიც, თავის მხრივ, ჩაერთვებიან და შემდეგ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
გუშინ ნაციონალური მოძრაობის კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც ცნობილია, ის 1 კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა, რამდენიმე დღით ქვეყნიდან გავიდა, რის შემდეგაც ის საქართველოში აღარ შემოუშვეს. თბილისის აეროპორტში გვიან ღამით პარტიის ლიდერები - ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი მივიდნენ. ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ამით ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა.