logo
ENG



ცისკარიშვილი ფარცხალაძეზე: გზავნილია ივანიშვილის რეჟიმისთვის - სანქციები აქაც უნდა გატარდეს

15 სექ 202314:18
3 წუთის საკითხავი
 
ცისკარიშვილი ფარცხალაძეზე: გზავნილია ივანიშვილის რეჟიმისთვის - სანქციები აქაც უნდა გატარდეს

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება არის გზავნილი "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიმართაც".

ცისკარიშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძის მიმართ "სარკისებური სანქციები საქართველოშიც უნდა გატარდეს".

"ეს აქტივი არის გზავნილი ყველა იმ მეწარმის თუ ბიზნესმენის მიმართ, ვინც ფარცხალაძის მსგავსად რუსულ რეჟიმთან, ბიძინა ივანიშვილის კლანთან ერთად ჩართულია კომერციულ საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთისთვის, კრემლის რეჟიმისთვის სანქციების არიდებას... სხვათა შორის, ასევე ეს არის გზავნილი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიმართაც, რომ გატარდეს ანალოგიური იდენტური ეკონომიკური და კომერციული სანქციები ფარცხალაძის შემთხვევაში, დაყადაღდეს ქონება, შეეზღუდოს საბანკო ანგარიშებზე წვდომა. ეს არის ჩვენი მოთხოვნაც და ჩვენ თუ ვართ, და ასეც არის დღემდე, შეერთებული შტატების გეოსტრატეგიული პარტნიორები, მაშინ გატარდეს სარკისებური სანქციებიც აქაც საქართველოში, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ თუ ამ რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფარცხალაძეს არ უჭირავს არანაირი თანამდებობა ბოლო 10 წლის განმავლობაში, შეხებაში არ ყოფილა თურმე ხელისუფლებასთან და ბიძინა ივანიშვილის რუსულ კლანთან", - თქვა მან.

ენმ-ის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა აგენტად მუშაობის სანაცვლოდ მიიღო, ხოლო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "პოლიტიკურ წნეხს ვერ გაუძლო და საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინა".

"ასევე, ძალიან სამწუხარო ამბავი მინდა გაცნობოთ იმასთან დაკავშირებით, რომ მას შემდეგ, რაც ბატონი ფარცხალაძე გახდა რუსეთის აგენტი, ჩაერთო ამ ბიზნეს კომერციულ სქემებში, რუსეთს ეხმარებოდა სანქციების გვერდის ავლაში, ამ საქმეში მან მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, მიიღო პასპორტი, გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, ავტომატურად გაუუქმდა საქართველოს მოქალაქეობა და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვერ გაუძლო პოლიტიკურ წნეხს, ზეწოლას და არ ეყო გამბედაობა, რომ უარი ეთქვა ბიძინა ივანიშვილისთვის და ამ კლანისთვის, რომ ხელახლა მიენიჭებინა საქართველოს მოქალაქეობა ამ პიროვნებისთვის" - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

***

აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ. 

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა. 


close დახურვა