logo
ENG



ციხეში გადაღებული ვიდეოს გასაჯაროება - წულუკიანს, შესაძლოა, ჯარიმა დაეკისროს

23 იან 202020:31
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი კანონის დამრღვევია, - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნა. ციხეში გადაღებული ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ თეა წულუკიანს უკვე პასუხს სთხოვენ. მინისტრის ამ გადაწყვეტილების  შესასწავლად ომბუდსმენის აპარატმა განცხადებით სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საპატიმროში გადაღებული კადრების გასაჯაროება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან შეუსაბამოა. თუ სახელმწიფო ინსპექტორი თეა წულუკიანის ქმედებაში დანაშაულს დაადგენს, იუსტიციის მინისტრს ჯარიმა ემუქრება. ვიდეოჩანაწერების შენახვისა და გავრცელების გამო წულუკიანთან კითხვები აქვთ ოპოზიციაშიც. მინისტრის კანონდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, ოპონენტები მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. 

ვიდეოების გავრცელებით კანონდარღევას ხედავენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც და ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი სახალხო დამცველი მანდატს ნდობას უკარგავს. ჩანაწერების ჩვენებასა და  რეაგირებას ორგანიზაცია იმ მოტივით ითხოვს, რომ მათში მონაწილე პირების იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. დარღვევებს ხედავენ სხვა იურისტებიც. მათთვის გაუგებარია, რა დაამტკიცა იუსტიციის მინისტრმა ვიდეოების ჩვენებით. 

„ქართული ოცნება“ კი ამტკიცებს, რომ ჩანაწერები კანონიერად არის გაკეთებული. ისინი ფარულ თვლთვალს გამორიცხავენ და დარწმუნებული არიან, რომ ფაქტებს სახელმწიფო ინსპექტორი დამოუკიდებლად გამოიძიებს. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ომბუდსმენის აპარატმა "ვითომ მონიტორინგი" განახორციელა. წულუკიანმა ლომჯარიას სთხოვა, რომ მონიტორინგის დროს აღარ გამოეგზავნა თანამშრომელი, რომელსაც დახეული ჯინსი ეცვა. წულუკიანმა დარბაზში სახალხო დამცველის წამომადგენლის სასჯელაღსრულებლის დაწესებულებაში პატიმართან ვიზიტის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ომბუდსმენის წარმოამდგენელს სახე არ ქონდა დაფარული.

გარდა ამისა,  წულუკიანი აცხადებს, რომ ლომჯარიას მხრიდან გაჟღერდა ჭორები და მის მოხსენებაში იყო არაპროფესიონალიზმის ნიშნები.

არაფორმალური მმართველობა ციხეებში, პატიმართა სხეულის საეჭვო დაზიანებები, ფიზიკური დაპირისპირება და თანამშრომლების მხრიდან, პატიმრების მისამართით დამამცირებელი მიმართვა - სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა კომიტეტზე, რამდენიმე ციხეში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები წარადგინა. 

მონიტორინგისა და მიდევნების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, ციხის კრიმინალური სუბკულტურა პატიმრებს არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხეს უქმნის. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება.

 

 


close დახურვა