logo
ENG



წერეთელი: კარანტინში არც ერთი დამკვირვებელი არ წავა

02 ივლ 202021:36
3 წუთის საკითხავი
 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, ხელისუფლებამ არჩევნებზე შესაძლოა, გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და საბიუჯეტო პროგრამები და აუცილებელია ამ ყველაფრის მონიტორინგი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. 

„ხელისუფლებას ყოველთვის სურს, საქართველოში მით უმეტეს, რომ ნებისმიერი მდგომარეობა გამოიყენოს სათავისოდ. განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში - ეს იქნება ადმინისტრაციული რესურსი, დახმარების პროგრამები კოვიდით დაზარალებულებისთვის თუ სხვა. აქაც შესაძლებელია, ძალიან კარგად გამოიყენონ ეს. სწორედ ამას სჭირდება მონიტორინგი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თეორიულად, შეიძლება ვინმე ამაზეც ფიქრობდეს, რომ შეიძლება სადამკვირვებლო პროცესის გარეშე ჩაიაროს არჩევნებმა. ეს ქვეყნისთვის არ იქნება კარგი.

არ მგონია, რომ საქართველოში რომელიმე დამკვირვებელმა ორკვირიანი კარანტინი მოიწყოს, ეს გამორიცხულია. ის, რომ ვინმეს მოვთხოვოთ ტესტის ჩატარება, ამაზე არავინ იტყვის უარს, მაგრამ კარანტინში არც ერთი დამკვირვებელი არ წავა. ჯერჯერობით, არც არის ცნობილი როდის გაიხსნება რეისები და როგორ ჩამოვლენ ეს ადამიანები. ეს ძალიან ცუდია, გაურკვევლობა არც პოლიტიკაში და არც ბიზნესში არ ვარგა, ასე რომ ნუ გვამყოფებს ხელისუფლება გაურკვევლობაში“, - განაცხადა წერეთელმა.

ევროპულმა საბჭომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - ჩამონათვალს საბჭო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. როგორც საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, ჩამონათვალშია ის 14 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნას ევროკავშირი 1-ლი ივლისიდან აპირებს. მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

2020 წლის 29 ივნისს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს მხარი დაუჭირა - შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით. 


close დახურვა