ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, თუ ვინმე ისეთი აღმოჩნდება ოპოზიციაში, ვინც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, მას შესაბამისი სახელი დაერქმევა და ის იქნება ქართული ოცნების წარმომადგენელი.
წითლიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს.
"თუ ვინმე აღმოჩნდება ისეთი ოპოზიციიდან, ვინც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ მას დაერქმევა შესაბამისი სახელი და ის იქნება ქართული ოცნების წარმომადგენელი და არა ოპოზიციის წარმომადგენელი.
მიზეზი იმისა, თუ რატომ დააყენეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სახკითხი მაშინ, როდესაც მათ საკმარისი ხმები არ აქვთ, ამაზე პასუხი არის ნათელი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს. ხელისუფლებამ იცის ძალიან კარგად, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის ის, რასაც ექნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ძალიან მწვავე პოზიცია და მაშინ, როდესაც მინიმალური შანსი მაინც ჩნდება იმისი, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლება ყოველ ჯერზე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს ევროპული კურსი და მეორე, ასევე, მთავარი მიზანი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ შეძლოს და გადაფაროს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც არის ქვეყანაში", - განაცხადა წითლიძემ.
ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.