ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ ყვარელში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილია დაგეგმილი, დიდი რაოდენობით პოლიციელი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც არიან მობილიზებული.
"ანუ მთელი ძალოვანი სტრუქტურები შსს, სუს, და ა.შ. - ვისაც პირდაპირ ევალება ეროვნული უსაფრთხოების დაცვა. ახლა ყვარელში საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ სანქცირებულ რუსებს, პუტინის ყველაზე დაახლოებული ადამიანის, ლავროვის ოჯახის წევრებს. ქვეყნის 20% ოკუპირებულია ამ დროს. გამოდით 18:00 საათზე - დღეს, გარეთ, რუსთაველზე. გამოდით!", - წერს პარლამენტის დეპუტატი.
***
გუშინ მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.
არხის ინფორმაციით, კახეთში ქორწილს ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა იხდის. მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი თბილისში იმყოფება და როგორც მისი ინსტაგრამიდან ჩანს, მან თბილისში პარტნიორთან ხელი უკვე მოაწერა.
სიუჟეტიდან ჩანს, რომ მთავარი არხის ჟურნალისტი Kvareli Lake Resort-ს ტელეფონით დაუკავშირდა და მათ ყვავილების მაღაზიის წარმომადგენლად გაეცნო. ჟურნალისტი სასტუმროს წარმომადგენელს ეუბნება, რომ ეკატერინა ლავროვას სახელზე თაიგული არის შეკვეთილი და დაინტერესდა, სტუმარი იმყოფება თუ არა ადგილზე. მოგვიანებით, სასტუმროს წარმომადგენელი პასუხობს, რომ თაიგული სწორად მიაქვთ.
როგორც ცნობილია ქორწილი Kvareli Lake Resort-ში ჩატარდება, სტუმრების ნაწილი კი Akhasheni Wine Resort & Spa-შიც განთავსდება.
ფორმულა დაუკავშირდა ყვარლის სასტუმროს, სადაც უარყვეს ინფორმაცია, რომ მათთან სტუმრად ეკატერინა ლავროვა იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო Kvareli Lake Resort-თან დილიდან პოლიციაა მობილიზებული - იქ გუშინ, გვიან ღამით ჩავიდა ნიკა მელია, რომელსაც ადგილზე პოლიციელები დახვდნენ. ამასთან, სასტუმროს მიმდებარედ დღეს აქციაა დაგეგმილი. ამასთან, მელიას განცხადებით, სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუდასტურა, რომ იქ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი ოჯახის წევრები იმყოფებიან.