logo
ENG



წილოსანი:ყველაზე დიდი ლობისტობა ქვეყანაში არსებული რეალობაა

03 თებ 202012:23
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების გაძლიერებული კრიტიკის ფონზე, მთავრობა ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან, „CHARTWELL STRATEGY GROUP-თან“ აფორმებს კონტრაქტს. დოკუმენტის მიხედვით, კომპანია  საქართველოს მთავრობას  უზრუნველყოფს  სამთავრობო კავშირებით და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო სამსახურით. ის იმუშავებს ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად  მთავრობის პროპაგანდის მხარდაჭერით, რომელიც მიმართული იქნება შეერთებული შტატების კონგრესისა და ადმინისტრაციისკენ.

როგორც მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა, ყველაზე დიდი ლობისტობა ქვეყანაში არსებული სიტუაციაა.

„ერთადერთი ხელშესახები ინფორმაცია, რაც საზოგადოებას ლობისტებთან დაკავშირებით აქვს, არის ის ინფორმაცია, რაც ოპოზიციის მიერ ამერიკაში დაქირავებულ ლობისტებზე გვაქვს. მე ვერ მოგახსენებთ ამ თემასთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე დიდი ლობისტობა არის ის რეალობა, რაც ქვეყანაში ხდება. ვფიქორბ, ჩვენი გუნდის წევრები ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებს მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდიან“, - განაცხადა წილოსანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ ლობისტური საქმიანობა კარგი საქმეა და ის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის.

„ლობისტური საქმიანობა სწორედ ამას ემსახურება, რომ რაც ქვეყანაშია, ის კიდევ უფრო კარგად იცოდნენ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. ვფიქრობ, ეს არის კარგი საქმე, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ძირითად სტრატეგიულ პარტნიორს, ექნება მაღალი შეფასება ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

CHARTWELL STRATEGY GROUP-ს საქართველოს მთავრობა, მომსახურებისთვის ანაზღაურების სახით, 2019 წლის ხელშეკრულებით ყოველთვიურად 65 ათას დოლარს უხდიდა. უცნობია წლევანდელი კონტრაქტის ღირებულება. საერთო ჯამში 2019 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ლობისტურ საქმიანობა 2.7 მილიონი ლარი დახარჯა.


close დახურვა