წმინდა ცეცხლის რიტუალი მაცხოვრის აღდგომის ტაძარში თბილისის დროით 14 საათსა და 50 წუთზე შესრულდა. ცეცხლი იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა კუვუკლიიდან, რომელიც ქრისტიანთა რწმენით ზუსტად იმ ადგილასაა აგებული, სადაც იესო ქრისტე ესვენა და მკვდრეთით აღდგა.
წელს რიტუალი უჩვეულო გარემოში შესრულდა. კორონავირუსის პანდემიის გამო მაცხოვრის აღდგომის ტაძარი მორწმუნეებისთვის დაკეტილი იყო. ეკლესიის კარი დილით მცველმა მხოლოდ სასულიერო პირებისთვის გახსნა. ეკლესიაში მხოლოდ 10 მოძღვარი იმყოფებოდა, ლიტურგიას კი იერუსალიმის პატრიარქი უძღვებოდა.
ბერძნულ მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ღვთისმსახურების შემდეგ კუვუკლიაში შესასვლელად მღვდლებმა მოამზადეს. ტაძარში ყველა სანთელი ჩააქრეს. კუვუკლიის დალუქული კარი სასულიერო პირებმა გახსნეს და პატრიარქი სამლოცველოში პოლიციელის თანხლებით შევიდა. ზუსტ 5 წუთში კი თეოფილე მესამემ კუვუკლიიდან ცეცხლი გამოიტანა.
ცეცხლი ეკლესიის გარეთ გაავრცელეს. მორწმუნეთა ნაწილმა საკარანტინო წესები დაარღვია და იერუსალიმის ქრისტიანულ უბანში აკრძალვების მიუხედავად შეკრება მაინც შეძლო. ისინი ცეცხლის გადმოსვლის რიტუალის შესრულებას და მის მიღებას ტრადიციული შეძახილებით შეხვდნენ.
ცეცხლი სასულიერო პირებმა ძველი ქალაქის იეფეს ჭიშკართან მიიტანეს და დიპლომატებს გადასცეს. მათ შორის იყო საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანიაც.
ტრადიციისამებრ, ცეცხლი თავდაპირველად ბეთლემში ჩაიტანეს. კორონავირუსის პანდემიის გამო ქალაქის მთავარ მოედანზე ცეცხლს მხოლოდ სასულიერო პირები მერთან ერთად დახვდნენ. ცერემონიამ აქაც მორწმუნეების გარეშე ჩაიარა.
რიტუალში, რომელიც საუკუნეებს ითვლის წელს პირველად შესრულდა ათასობით მორწმუნის დასწრების გარეშე. სააღდგომოდ იერუსალიმში უამრავი ტურისტი და პილიგრიმი ჩადის, მაგრამ პანდემიის გამო ისრაელმა საჰაერო და სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა. ამის გამო ცეცხლის გავრცელების წესიც შეცვალეს და ის იერუსალიმიდან პირდაპირ თელავივის აეროპორტში, თვითმფრინავებში მყოფ დელეგაციებს მიუტანეს.მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც წმინდა ცეცხლს ღამის 11 საათისთვის ჩამოიტანენ.