logo
ENG



წულუკიანი: შერიგების იდეა კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა ვირჩევ, რომ დავაკვირდე პროცესს

18 დეკ 202112:31
3 წუთის საკითხავი
 

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ "შერიგების" ინიციატივა კეთილშობილურია, თუმცა ამ ეტაპისთვის ურჩევნია, რომ პროცესს დააკვირდეს. ამის შესახებ მან პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

"მე ვფიქრობ, რომ შერიგების იდეა, თავისთავად, კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა მე ვირჩევ, რომ დავაკვირდე ჯერ პროცესს, იმიტომ, რომ ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ პროცესის შედეგი, რა შეიძლება იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტმა თავად ბრძანა, შერიგება ვერ იქნება პროცესის დასაწყისი, ეს უნდა იყოს, იდეალურ შემთხვევაში, პროცესის შედეგი. ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცესი და იმის მიხედვით შემდეგ შევძლებთ უკვე საფუძვლიანი კომენტარების გაკეთებას", - განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.

სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებული სიტუაციის დახასიათებისას თქვა, რომ საზოგადოება "გადაღლილია", "ძალიან მძიმე მდგომარეობა" კი "გაუსაძლისია" ყველასთვის. მანვე დაამატა, რომ ამას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები, ეკონომიკური პირობები. მისი შეფასებით, ყველაფერი დაყოფილია, მათ შორის, ეკლესიაც.

თავის სიტყვაში მან განაცხადა, რომ შერიგების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, წინაპირობების გარეშე და "ქართული". პრეზიდენტის აზრით, პარტნიორებს "პროცესის შიგნიდან გაგება არ აქვთ".

შეხვედრას ქართული ოცნებიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო ესწრებოდნენ. 

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს გამოეხმაურა, რომ ბევრი წლის განმავლობაში პირველად მოისმინა "სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება". სააკაშვილი ამბობს, რომ მშვიდობიანი პროტესტის პარალელურად, მიესალმება დიალოგის შეთავაზებას. 


close დახურვა