logo
ENG



წულუკიანი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მოწმობს იმას, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს

12 მარ 202015:17
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საუბრისას აქცენტს დოკუმენტის დადებით მხარეებზე აკეთებენ. რაც შეეხება კრიტიკულ გზავნილებს, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს შეისწავლიან და რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

„რა თქმა უნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის რეკომენდაციები ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ყურადსაღებია. მოგეხსენებათ, რომ ანგარიში ემსახურება გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ჩვენ ბუნებრივია გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომელიც ამ ანგარიშშია მოცემული და გამოვიყენებთ მას იმისთვის, რომ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს შემუშავებული ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, იყოს შესაბამისობაში ამ რეკომენდაციებთან“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შეკითხვას იუსტიციის მინისტრმაც უპასუხა. წულუკიანის შეფასებით, ანგარიში იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

„ეს ანგარიში მოწმობს კიდევ ერთხელ იმას, რომ რა თქმა უნდა საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება რომ ერთ ადგილას გაჩერდეს და რეფორმები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დოკუმენტში გარკვეული უზუსტობებიც არის, მათ შორის, ე.წ. გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით.

„ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას ვინაიდან ფაქტია, ხდებოდა პარლამენტში შემოჭრის მცდელობა, ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც ნამდვილად არ გამოუწვევია საპოლიციო ძალებს, პირიქით კარგა ხნის მანძილზე ითმენდნენ შეურაცხყოფას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშში საქართველოში არსებულ მდგომარეობას საკმაოდ ვრცელი ადგილი უკავია. შემაჯამებელ ნაწილში მოხვდა ე.წ. გავრილოვის ღამე, ივნისის მოვლენების დროს აქციის მონაწილეების დაკავებები, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი გუნდის მიერ გაცემული დაპირება და პოლიტპატიმრების თემა.


close დახურვა