კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გელათის მონასტერში არსებულ ვითარებას, გასული წლების "წარუმატებელ ღონისძიებებს" აბრალებს და აცხადებს, რომ მისი ფუნქცია ამაზე პასუხისმგებლის ძიება არაა.
მინისტრის თქმით, გელათში უნდა დიაწყოს ფრესკების კონსერვაცია, თუმცა სპეციალისტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ "ზოგიერთი ზიანი შეუქცევადია".
"ჩემი ფუნქცია არაა 2008-2020 წლებში რა ღონისძიებებიც განხორციელდა, რომელიც სრულად წარუმატებელი იყო, ვეძიო პასუხისმგებელი პირი. ამისთვის არსებობს პროკურატურა.
ჩემი ფუნქციაა უკვე გაფუჭებულ საქმეზე შევძლო გამოსავლის მოძებნა. ამისათვის, გადადგმულია მოკლე დროში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. რამდენიმე დღის წინ მივაღწიეთ კონსენსუსს კედლის მხატვრობის აღდგენისთვის კონსერვაციის სპეციალისტებთან, მათ მიიღეს გადაწყვეტილება კონსერვაციის მეთოდზე. თავად სპეციალისტებმა ამ სხდომაზე გვითხრეს, რომ ზოგერთ შემთხვევაში ზიანი იქნება შეუქცევადი", - ამბობს თეა წულუკიანი.
რამდენიმე თვის წინ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავს.
ამასთან, ხელოვნებათმცოდნე, კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ იტალიელი რესტავრატორისგან მიიღო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს".
გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც "შაბათის ფორმულაში" ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ ფორმულას უთხრა, რომ არც ერთი მეთოდოლოგიური ხარვეზი, რომელსაც სააგენტოს ედავებიან, უწყებას დასაბუთებულად არ მოუსმენია.
გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განმარტებით, კონსტრუქტორებისა და რესტავრატორების დასკვნით თანახმად, გელათის ტაძარზე დამატებითი კონსტრუქციული დატვირთვა არ იყო მიზანშეწონილი და ის თუნუქით სწორედ ამიტომ გადახურეს.